“ბიო მეწარმეობა იმ ქვეყანაში ამართლებს, სადაც მევენახე არის მეღვინეც” – რატომ ვერ ვითარდება ბიო მეურნეობა?

საქართველო ბიოდინამიური ღვინის წილით მსოფლიოში ლიხტენშტაინთან ერთად ბოლო პოზიციაზეა – ასეთია ბოლო სტატისტიკა, რომელიც ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ვებგვერდზე იძებნება. მათივე ინფორმაციით, ორგანულ მევენახეობაში საქართველო 53 ქვეყანას შორის 25-ე პოზიციას იკავებს, რაც ითვლება ორმაგი ბიოსერტიფიცირების მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც როგორც ღვინოს, ისე ვენახს აქვს. ბიოსერტიფიცირების დაბალ მაჩვენებელს მეწარმეები როგორც მეღვინეობაში, ისე სხვა პროდუქტების წარმოებაში სხვადასხვა მიზეზით ხსნიან.
“ფაფრის ველის” დამფუძნებელი შალვა ქურდაძე ამბობს, რომ მეწარმეები, რომლებიც ს ბაზარზე და დიდ რაოდენობებზე არიან ფოკუსირებული, ბიო სერტიფიცირებით არ ინტერესდებიან. მისი თქმით, ბიო ღვინის წარმოება მეწარმეს დიდი რაოდენობის ღვინის წარმოების საშუალებას არ აძლევს, თუმცა მისი რეალიზაცია ევროპის ბაზრებზე უფრო ძვირია. ქურდაძე ამბობს, რომ 3-4-ჯერ უფრო ძვირად იყიდება ბიო ღვინო.
“ჩვენი საფერავის გასაყიდი ფასია 8-15 დოლარი, რუსეთში საფერავის რეალიზაცია 2 დოლარადაც ხდება. 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო ძვირად იყიდება ბიო ღვინო, თუმცა ბიო ნიშანი პანაცეა არ არის, დასავლეთის ბაზრებზე უნდათ კარგი ღვინო. კარგი ღვინო რომ აწარმოო, იძულებული ხარ, ვენახი არ შეწამლო ქიმიკატებით, ამიტომ ბიო მეწარმეობა ამართლებს მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც მევენახე არის მეღვინეც. ჩვენთან ეს ასე არ არის. ამის ხელშეწყობა არ ხდება, პირიქით დახმარება ხდება იმ მეწარმეები, რომლებიც ღმერთმა იცის, როგორ ყურძენს ყიდულობს, რა ღვინოს აკეთებს და გააქვს რუსეთის ბაზარზე.”-ამბობს “ფაფრის ველის” დამფუძნებელი შალვა ქურდაძე.