„ბიო მევენახეობის წარმოება დიდ ხარჯებს უკავშირდება, ამიტომ საქართველოში პოპულარული არ არის“ – მარანი „სევსამორა“

„ბიო მევენახეობის წარმოება დიდ ხარჯებს უკავშირდება, ამიტომ საქართველოში პოპულარული არ არის“ – მარანი „სევსამორა“
ბიო მევენახეობას საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. როგორც საგურამოში მდებარე მარან „სევსამორას“ მენეჯერი, დალი ჩოხელი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, ბიო ორგანული პროდუქტის წარმოება დიდ ხარჯებს უკავშირდება, ამიტომ საქართველოში ამ ეტაპზე, პოპულარული არ არის.
მისივე თქმით, საქართველოში ორგანული მიმართულებით ცნობიერების დონე მაღლდება, შესაბამისად, ყოველწლიურად მეტი მევენახეა დაინტერესებული, რომ ბიო პროდუქტი აწარმოოს.
„საკუთარი ვენახი, რა თქმა უნდა გვაქვს, თუ ყურძენს დამატებით გლეხებისგან ვყიდულობთ ხოლმე, მაგალითად, ლეჩხუმიდან, კახეთის მიკროზონებიდან. ჩვენი ვენახებიდან ნახევარი ბიო ორგანული მევენახეობაა. 2019 წლიდან ბიო მევენახეობის სერტიფიკატს ვფლობთ. 2020 წლიდან კი, ჩვენი ღვინო ოფიციალურადაა ბიო სერტიფიცირებული.
ბიო მევენახეობა საინტერესო მიმართულებაა, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ახალია, ბევრი კომპანია აღნიშნული ხაზით არ მუშაობს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მაღალი ფასია. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას – სერტიფიცირებული CAUCASERT-ის მიერ ვართ, ორგანიზაციის წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად ინსპექტირებაზე შემოდიან, როგორც მარანში, ასევე საწარმოში. უფრო კონკრეტულად, ყველა საფეხური ოფიციალურ დონეზე კონტროლდება: ვენახში მიმდინარე სამუშაოები, ღვინის წარმოება და ა.შ. შესაბამისად, საერთაშორისო დონის სტანდარტებს, რომ აკმაყოფილებდე, მაღალ ხარჯებიც უნდა გაიღო. ჩემი აზრით, აღნიშნული აქცენტი მნიშვნელოვნად განაპირობებს, რომ საქართველოში ბიო მევენახეობა ძალიან პოპულარული არ არის”, – აღნიშნავს მარნის მენეჯერი.
დალი ჩოხელის ინფორმაციით, ბიო მევენახეობა ყოველ წლიურად უფრო მოთხოვნადი ხდება, რაც მისასალმებელია.
“მევენახეები სულ უფრო მეტად დაინტერესებული არიან, რაც მისასალმებელია. ჩვენც მუდმივად ვცდილობთ, რომ განვითარდეთ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბაზრის მონიტორინგს მუდმივად ვაკეთებთ და მოთხოვნის შესაბამისად ვრეაგირებთ.
საზოგადოების ცნობიერების დონე მაღლდება, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რამდენი პროცენტით გაიზარდა გაყიდვები, ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, მაგრამ ბიო მეღვინეობის კონტექსტში, წარმოებული ღვინის დიდი ნაწილი დაახლოებით, 80% შიდა ბაზარზე იყიდება, დანარჩენი 20% კი, უცხოეთში გადის. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქტის ყიდვა, სხვადასხვა, ე.წ. ბუტიკურ ღვინის მაღაზიებში, ასევე 8 000-ს მოსავალშია შესაძლებელი. უცხოეთში ექსპორტი მცირე რაოდენობით გვაქვს – იტალიაში და ესპანეთი ვართ წარმოდგენილი “, – აღნიშნა დალი ჩოხელმა.
ცნობისთვის, მარანი „სევსამორა“, საგურამოში 2015 წელს დაარსდა, ხოლო პირველი მოსავალი 2018 წელს მიიღეს. „სევსამორას“ ვენახი 10 ჰექტარზეა გაშენებული. მარნის გარდა, ამავე კომპანიას ეკუთვნის, სასტუმრო “სევსამორა”, რომლის შემადგენლობაშია: სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზი, ჯაკუზი, საუნა, რამდენიმე ტიპის რესტორანი და საკონფერენციო სივრცეები. სასტუმროში 2 ვილის ჩათვლით 45 ნომერია, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან კატეგორიების და ხედის მიხედვით.