ბინის მეპატრონეებს ურჩი დამქირავებლებისგან კანონპროექტი დაიცავს

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ქირავნობის საკითხზე კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და იურისტმა გიორგი რეხვიაშვილმა ისაუბრა. აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაიწყოს.
რას გულისხმობს კანონპროექტი და რატომ გახდა ამ კანონპროექტის განხილვა საჭირო, – რეხვიაშვილი აღნიშნავს, რომ 2015 წელს საპოლიციო გამოსახლების გაუქმების შემდეგ, იმ დამქირავებლის ბინიდან გასახლება, რომელიც თანხას არ იხდის, შეუძლებელი გახდა, რადგან აღსრულების პოლიციას ურჩი გადამხდელის გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ შეუძლია, ხოლო სასამართლოს გადატვირთულობიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მისაღებად 3-დან 5 წლამდე პერიოდი სჭირდება. მისივე თქმით, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ საქმე გადადის აღსრულების ეროვნულ ბიუროში და ეს საქმე კიდევ 1 წლით იწელება.
„აღნიშნულმა ცვლილებამ გააჩინა ხვრელი კანონმდებლობაში, პირველ ეტაპზე პრობლემა არ ჩანდა, მაგრამ როდესაც მიგრანტების რაოდენობა გაზიარდა და საქართველოში ბევრი ქონების დაქირავება მოხდა, დამქირავებლები უკვე წინასწარ გამიზნულად შედიოდნენ ბინებში, რადგან მათ იცოდნენ ამ ხვრელის შესახებ და აღარ იხდიდნენ თანხას.
ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ კანონმდებლობის მხრივ რაღაც ქმედითი ნაბიჯები ყოფილიყო გადადგმული. ჩვენ ვთავაზობდით რამდენიმე მეთოდს, ერთ-ერთ იყო საპოლიციო გამოსახლების აღდგენა, მაგრამ სხვა ფორმებით, ეს არ უნდა შეხებოდა იპოთეკით დაზარალებულებს და შეხებოდა მხოლოდ ქირავნობის დავებს, ჩვენ ასევე ვთავაზობდით, რომ ცალკე ჯგუფები და კატეგორიები შექმნილიყო, რომლებიც კონკრეტულ დავებს განიხილავდნენ და ბინის მეპატრონეს აღარ დასჭირვებოდა 5 წელი ლოდინი.
კარგია რომ იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა, ველოდებით რომ კანონპროექტი წარმოდგენილი იქნება და ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართულები, რომ მაქსიმალურად იყოს ორივე მხარეს ინტერესები დაცული და ერთ კონკრეტულ პირს არ მიენიჭოს უპირატესობა“- აღნიშნა გიორგი რეხვიაშვილმა.
რეხვიაშვილი თქმით ხელშეკრულებაში ჩაიწერება ახალი პირობა, რომ დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა სასამართლოში, არამედ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
„აღნიშნული ჩარჩო-პირობების დახვეწა, თუ როდის მოხდება ეს ცვლილება, კანონმდებელზეა დამოკიდებული, რამდენად ჩათვლის რომ ეს დაჩქარებული ვადით უნდა მოხდეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საგაზაფხულო სესიაში მოესწროს აღნიშნული კანონპროექტის მოსმენა და ალბათ უკვე მაისიდან უნდა გვქონდეს შესაბამისი ზომები დაფიქსირებული. ზიანის დადგენა მარტივია, თუ რამდენი ხნის განმავლობაში არ ხდებოდა ვალდებულების შესრულება, მინიმუმ აღნიშნული თანხით უნდა იყოს უზრუნველყოფილი კომპენსაციის სახით.“- აღნიშნა გიორგი რეხვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ