შოთა შალელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი და მილიონერი ბიზნესმენია. მან 2023 წლის 21 მაისს დააარსა პარტია „თაობები საქართველოსთვის“, რომლის თავმჯდომარეც თავადაა.
შოთა შალელაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში TV 24-ის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე მოექცა. ცნობისათვის, TV 24 შოთა შალელაშვილის მეუღლემ, ირა ფიჩხაძემ მიმდინარე წლის 29 იანვარს ვიქტორ მეძმარიაშვილისგან $50 000-ად იყიდა. საჯარო რეესტრის მიხედვით, TV 24 -ის მესაკუთრე შპს „ნომი ინვესთმენთია“, რომლის მფლობელიც ირა ფიჩხაძეა.
TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. ერთ თვეში ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ნანა ლეჟავამ ტელევიზია დატოვა, მიზეზად კომპანიის მხრიდან თანამშრომლების წინაშე აღებულ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.
„კომერსანტი“ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის და მილიონერი ბიზნესმენის ქონებით დაინტერესდა.
შოთა შალელაშვილს დეპუტატის სტატუსით ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2020 წელს აქვს შევსებული, რომლის მიხედვით, მის საბანკო ანგარიშებზე რამდენიმე მილიონი ირიცხება, ბიზნესმენი ფლობდა ასევე მილიონებად შეფასებულ უძრავ ქონებას საქართველოში, ისრაელსა და რუსეთში.
2020 წლის დეკლარაციით, მის მფლობელობაში იყო 2 მიწის ნაკვეთი და ბინა ($480 000) საქართველოში; ბინა მოსკოვში ($1 390 000); 2 მიწის ნაკვეთი და 1 ბინა ისრაელში. მიწის ნაკვეთები ისრაელში შეფასებულია 18 000 000 ისრაელის შეკელად (დაახლოებით 13.5 მლნ ლარი) და $3 600 000-ად.
ბიზნესმენის საკუთრებაშია ასევე 5 მსუბუქი ავტომობილი, რომლებიც შეფასებულია 800 000 ILS-ად, $390 000-ად და 153000 ევროდ. ჩამონათვალშია ასევე 270 000 ევროს ღირებულების 3 მაჯის საათი და $3 000 000-ად შეფასებული 4 ფერწერული ტილო. შალელაშვილს აქვს საბანკო ანგარიშები საქართველოსა და ისრაელის ბანკებში.