“ბინები ადვილად აღარ ქირავდება, მიგრანტების ეფექტი მიილია” – “ინნ ჯგუფის” თანადამფუძნებელი

“საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები მომატებულია, გაყიდვები შემცირებულია“, – ამის შესახებ „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
ბიზნესმენი ეთანხმება საინვესტიციო ბანკების მონაცემებს იმის თაობაზე, რომ 2025 წლის იანვარში თბილისში ბინების გაყიდვები და ქირის ფასი შემცირდა, ბინების ღირებულება კი, მცირედით გაიზარდა.
პაატა კოკაია გაყიდვების და ქირის შემცირებას ე.წ. მიგრანტების ეფექტის მილევით ხსნის, მაგრამ მიუხედავად მოთხოვნის კლებისა, მიაჩნია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონება არ გაიაფდება.
„ჩვენ სამი მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომელიც თითქმის დამთავრებულია და ბინების, დაახლოებით, 75% ბინების უკვე გაყიდულია…
2022-2023 წლებში სამშენებლო-დეველოპერული ბიზნესი მომგებიანი გახდა – იყიდდი ბინას და მერე გადაყიდდი ან გააქირავებდი. ახლა ასე ადვილად აღარ ქირავდება, რადგან მიგრანტების ეფექტი მიილია, ამიტომ ეს სეგმენტი სტაგნაციისკენ მიდის. საინვესტიციო მიმართულებით ჯერ კიდევ მოთხოვნადია მშენებარე ბინების ყიდვა, რომელსაც არემონტებენ და უფრო ძვირად ყიდიან.
რატომ ვერ გაიფდება ბინები?! – რამ უნდა გააიფოს?! თბილისში მიწები აღარ დარჩა; მუშახელის ანაზღაურება მზარდია – 2020 წელთან შედარებით, მუშახელის ხელფასი გაორმაგებულია ან ზოგჯერ გასამმაგებულიც. დღეს, კვალიფიციური ხელოსნის ხელფასი 5000 ლარზე ნაკლები არაა – ხელოსანი აქეთ გეუბნება, რომ თუ დღეში 200-300 ლარს ვერ გადამიხდი, არ მიღირს მუშაობა და წავალ და სხვას მოვძებნი ან მომეცი იმ მოცულობის სამუშაო, რომ დღიურად 300 ლარი გამომივიდეს“, – ამბობს ბიზნესმენი.
რაც შეეხება პოლიტიკური კრიზისის გავლენას ბინების გაყიდვაზე, პაატა კოკაიამ თქვა, რომ „ინნ ჯგუფი“ საცხოვრებელ სახლებს, ძირითადად, გარეუბნებში აშენებს, ამიტომ უცხოელები ნაკლებად ყიდულობდნენ, თუმცა ადგილობრივი ფიზიკური პირების მიერ საინვესტიციო მიზნით შეძენა ნაკლებად ხდება.
„დღეს ბინას ყიდულობს ის, ვინც გაფართოებას აპირებს, ან უნდა, რომ შვილს აჩუქოს ან კიდევ – ახალგაზრდა ოჯახები“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში პაატა კოკაიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იპოთეკით ბინის შეძენის რეგულაციის გამარტივება და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ბინების გაყიდვას წაახალისებს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, “ინნ ჯგუფი” აპირებს, სამშენებლო-დეველოპერული ბიზნესით საქართველოს სხვა რეგიონებში შევიდეს, მაგრამ ბიზნესმენმა ქალაქი არ დაასახელა.