თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასი კვლავ მცირდება. როგორც galt & taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მიმოხილვაში წერია, დედაქალაქში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ.) ქირის ფასი თვეში მცირედით, 0.4%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.5 აშშ დოლარი შეადგინა.
უძრავი ქონების ბაზრის აპრილის განახლების მიხედვით, მოთხოვნა შენელებული რჩება თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე და ის 2024 წლის იანვარ-აპრილის გაყიდვებს ჩამორჩება როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე.
მიუხედავად ამისა, ზრდას აჩვენებს გაცემული ნებართვების რაოდენობა. კვლევის ავტორების განმარტებით, ზრდა საცხოვრებელ პროექტებზე გაცემული რამდენიმე დიდი ზომის ნებართვით არის განპირობებული.
რაც შეეხება გასაყიდ ფასებს, შესუსტებული მოთხოვნის მიუხედავად, ფასები კვლავ მზარდია, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია, ხოლო ფასები მეორად ბაზარზე ორი თვის შემცირების შემდეგ ისევ გაიზარდა.
პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.2%-იან მატებას აჩვენებს და 1,332 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში ფასი გასულ თვესთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა და $1,256-ს გაუტოლდა.
