,,ბინებზე მოთხოვნა შემცირებულია. უცხოელები ინტერესს, ფაქტობრივად, აღარ გამოხატავენ”- Apex Development

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალური მაჩვენებელი ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის 5 პროცენტული პუნქტით – 90%-მდე, გაიზარდა. ასევე, 10 პროცენტული პუნქტით, 80%-მდე, გაიზარდა სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი იპოთეკურ სესხებზე საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსავლის მიმღებთათვის. ზოგადად, LTV-ის მაღალი მაჩვენებელი სესხის რისკიანობაზე მიუთითებს და საფინანსო სექტორისთვის წითელი შუქია, რადგან იგი სწორედ სესხის მოცულობისა და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების თანაფარდობით განისაზღვრება.
ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გზით ეროვნული ბანკი უძრავი ქონების ბაზარზე წარმოქმნილი კრიზისის დასტაბილურებას ცდილობს.
კერძოდ, უცხოელი მოქალაქეების მხრიდან ბინებზე მოთხოვნა იკლებს, ადგილობრივი მოთხოვნა კი ბაზრის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის არასაკმარისია.
,,აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი ვლადიმერ რობაქიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ უცხოელები და საქართველოში მყოფი რეზიდენტები ბინებზე დაინტერესებას ფაქტობრივად, არ გამოხატავენ. რაც შეეხება იპოთეკის შესახებ მიღებულ ახალ რეგულაციას, ეს მოთხოვნას დიდწილად ვერ გაზრდის რადგან მომხმარებლები უკვე დიდი ხანია სამშენებლო კომპანიებისგან შიდა უპროცენტო განვადებით სარგებლობენ.
„ბინებზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, შემცირებულია. წინა წელს იყო, რა დროსაც ზოგადად, გაყიდვები იკლებს. მასობრივი პროტესტების გამო კი ქართულ ბაზარზე უცხოელი ინვესტორების შემოსვლა შემცირდა, რამაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება განაპირობა.
ჩვენ კომპანიას არ ჰქონია ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე უცხოელი დაინტერესებულიყო ბინებით და შემდეგ გადაეთქვათ, თუმცა თავად დაინტერესებაა ძალიან დაბალი, ამ ეტაპზე დაინტერესებას, ფაქტობრივად, არ გამოხატავენ.
კორპუსის დასრულებამდე ჩვენ მომხმარებლებს უპროცენტო შიდა განვადებას ვთავაზობთ, ანუ ამ ეტაპზე ბანკი საქმეში არ ერთვება. რაც შეეხება იმას, რომ იპოთეკური სესხების გამარტივება მოქალაქეებს წაახალისებს ბინების შესაძენად, ეს არ მგონია. ალბათ, ასეთი მექანიზმები უფრო ეფექტიანი დასრულების დროს იქნება, როცა მომხმარებლები ბანკთან იწყებენ მიმართვას. მშენებლობის პროცესში იპოთეკურ სესხებზე დადგენილი კანონმდებლობის ცვლილება და გამარტივება დიდ შედეგს ვერ მოიტანს. ალბათ, ეს რეალობა იმის გამო დადგამ, რომ მოქალაქეები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და ცდილობენ დიდი დანახარჯებისგან თავი შეიკავონ“,- ამბობს რობაქიძე.