ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მრავალსართულიანი კორპუსების სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მისამართებია: სტალინის გამზირის N5 (გამოიცვალა მე-2 სადარბაზოს სახურავი); რომელაშვილების ქუჩა N179; თარხნიშვილის ქუჩა N18 (გამოიცვალა პირველი სადარბაზოს სახურავი); თამარ მეფის გამზირი N82); თამარ მეფის მე-5 კვარტალი N21 (გამოიცვალა მხოლოდ წყალშემკრები ძაბრების და ვერტიკალური წყალსადინარი მილები); მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლება (ერთი კორპუსი)
„მიმდინარე წელს დაფინანსების მიზნით 100-მდე ამხანაგობამ წარმოადგინა საპროექტო ინიციატივა. პროექტის შერჩევისას პრიორიტეტი სარეაბილიტაციო ობიექტის დაზიანების ხარისხს ენიჭება.
სახურავების გადახურვა (90%), ეზოს მოასფალტება (100%), სასმელი წყლის (100%), საკანალიზაციო სისტემების (100%), კორპუსების ფასადების (90%), ლიფტებისა (90%) და სადარბაზოების რეაბილიტაცია (90%) – ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 90%-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს.
თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს. პროგრამა ამხანაგობის წევრებს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, თანამონაწილეობა კი ამაღლებს საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.