ბინადრობა უძრავი ქონების სანაცვლოდ – რუსებისთვის საქართველო “შესანიშნავი შვიდეულის” ქვეყნებშია

მსოფლიოში არც ისე ბევრი ქვეყანა დარჩა, სადაც ს მოქალაქეებს საცხოვრებლად და საინვესტიციოდ უძრავი ქონების შეძენა შედარებით ზომიერ ფასად შეუძლიათ. ამ მხრივ საქართველო რუსებისთვის 7 საუკეთესო ქვეყნას შორის რიგით მეოთხეა.
რეიტინგი საინვესტიციო უძრავი ქონების შერჩევის რუსულმა სააგენტო RED Experts-მა შეადგინა.
კომპანიის რეიტინგში შესული შვიდივე ქვეყანა რუსებისთვის მიმზიდველ ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს. კერძოდ, იქ რუსებს არ ეკრძალებათ საინვესტიციო ვიზების მიღება, ასევე, უძრავი ქონების შეძენა ლეგალიზაციის საშუალებას იძლევა, ხოლო ასეთი შესყიდვის ბარიერი 250,000 დოლარს არ აჭარბებს.
საქართველოს შესახებ RED Experts წერს, რომ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია მსოფლიოში და ტურისტული ნაკადი ყოველწლიურად 20-30%-ით იზრდება. ამასთან, უძრავი ქონების კაპიტალიზაციის საშუალო ზრდა მეტად მაღალია და წელიწადში 12%-ს შეადგენს, ხოლო საიჯარო შემოსავალმა, საინვესტიციო ობიექტის სწორი არჩევანის შემთხვევაში, შესაძლოა, იმავე 12%-ს მიაღწიოს.
„ინვესტორები განსაკუთრებით ხშირად ბათუმს ირჩევენ, რადგან ეს ქალაქი ტურისტებს, კაზინოს და სათხილამურო კურორტების მოყვარულებს იზიდავს,“ – წერს RED Experts.
კომპანიის ცნობით, რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება 100 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში შეუძლიათ. კერძოდ, ასეთი ქონების ექსპლუატაციაში ამოქმედების შემდეგ რუსეთის მოქალაქეს შეუძლია, ერთწლიან ბინადრობის ნებართვაზე ვადის გაგრძელების შეუზღუდავი უფლებით წარადგინოს განაცხადი, ხოლო 10 წლის შემდეგ განაცხადის წარდგენა მოქალაქეობის მიღებაზეც შეიძლება. მეტიც, RED Experts შენიშნავს, რომ ხელისუფლება ამ ვადის 5 წლამდე შემცირების კანონპროექტს განიხილავს.
კომპანია, ასევე, ხაზს უსვამს, რომ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში უძრავ ქონებას სასტუმროს გასაქირავებლად ან მოსაწყობად ყიდულობენ, მოქმედებს პროგრამა, „ბინადრობის უფლება საინვესტიციო მიზნებისთვის.“ მასში მონაწილეობის ბარიერი 300,000-დოლარიანი შენაძენით იწყება, ხოლო ხუთწლიან ბინადრობის ნებართვას განახლების უფლებით არა მხოლოდ ინვესტორი, არამედ მისი ოჯახის წევრები, კერძოდ, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და კმაყოფაზე მყოფი პირებიც იღებენ.
რუსებისთვის ბინადრობის უფლების მისაღებად უძრავი ქონების შესყიდვისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების შვიდეული ასეთია:
ჩრდილოეთ კვიპროსი – შესყიდვის ბარიერი ოფიციალურად არ არსებობს; ქირავნობის სარგებელი 5–7%; პირველადი ლეგალიზაცია-ერთწლიანი ბინადრობის უფლება
ეკვადორი – ბარიერი 45,000 დოლარიდან; ქირავნობის სარგებელი 5–7%; პირველადი ლეგალიზაცია-ინვესტორის ორწლიანი ვიზა
კოლუმბია – ბარიერი 100,000 დოლარიდან; ქირავნობის სარგებელი 5–14%; ინვესტორის ხუთწლიანი ვიზა
საქართველო – ბარიერი 100,000 დოლარიდან; ქირავნობის სარგებელი 8-12%; ბინადრობის ნებართვა
დომინიკის რესპუბლიკა – ბარიერი 200,000 დოლარიდან; ქირავნობის სარგებელი 6-8%; ერთწლიანი ბინადრობის ნებართვა
თურქეთი – ბარიერი 200,000 დოლარიდან; ქირავნობის სარგებელი 5-7%; ორწლიანი ბინადრობის ნებართვა ან მოქალაქეობა
დუბაი – ბარიერი 205,000 დოლარიდან; ქირავნობის სარგებელი 7-15%; ინვესტორის ორი ან ათწლიანი ვიზა
bpn.ge