ქართული ტექსტარტაპის “ბილიკის” გუნდის აპლიკაცია Biliki App დაიხურა. აპლიკაციის დახურვამდე სტარტაპი თანადამფუძნებელმა თორნიკე ცირამუამ დატოვა. რა გახდა აპლიკაციის გაჩერებისა და აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან მისი წასვლის მიზეზი? საკითხზე ,,კომერსანტი“ თორნიკე ცირამუას ესაუბრა. ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ინვესტიციების არარსებობა გახდა. ინვესტორმა თანხის ჩადება ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გადაიფიქრა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა 28 ნოემბერს გააკეთა და თქვა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში 2028 წლის ბოლომდე არ დადგებოდა.
,,ერთ-ერთი მიზეზი ინვესტორის ჩამოუსვლელობა გახდა. მეორე ჩემი მხრიდან, გადავიწვი. სტარტაპი მოითხოვს ძალიან დიდ ემოციურ რესურსსაც. ვერ ვითარდებოდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო და მივიღე გონივრული გადაწყვეტილება, რომ სტარტაპი დამეტოვებინა და დამეტოვებინა აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. დავინახე, რომ რეალურად იმ მიმართულებით, როგორც გვინდოდა ჩვენ, დაგეგმილად ვერ ვითარდებოდა. სამწუხაროდ დაემთხვა ის, რომ ინვესტორები უნდა ჩამოსულიყვნენ და უნდა ჩაედოთ ინვესტიცია სტარტაპში. თუმცა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ინვესტორებმა თავი შეიკავეს ჩამოსვლისგან და ინვესტიციის გაკეთებისგან. ეს იყო ერთ-ერთი ბიძგი, რომ მიმეღო წამოსვლის გადაწყვეტილება. პირველ რიგში წამოვედი მე და მერე დაიხურა სტარტაპი. ფაქტობრივად სტარტაპში როცა ხარ უნდა იცოდე როდის დახურო და როდის დაიწყო ახალი ეტაპი. ეს ის მომენტი იყო, როდესაც მივხვდი, რომ უნდა წამოვსულიყავი და მიმეცა ახალი შესაძლებლობებისთვის და ახალი გამოწვევებისთვის დრო.”- განაცხადა თორნიკე ცირამუამ ჩვენთან საუბარში.
“ბილიკის” გუნდს ეკუთვნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მდგრადი მოგზაურობის პლატფორმა Biliki.AI-ც. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა“, თუ რა ბედი ელის ტექნოლოგიურ სტარტაპს. თორნიკე ცირამუა ამბობს, რომ ის ჯერ მუშაობს, თუმცა დიდი ალბათობით მასაც წინა აპლიკაციის მსგავსი ბედი ელის და ისიც გაჩერდება.
,,Biliki.AI ჯერჯერობით გაჩერებული არ არის. ჯერჯერობით ფუნქციონირებს, თუმცა აქაც შეჩერებული გვაქვს რაიმე ტიპის ოპერაციული ნაწილი და ფაქტობრივად ყველაფერი გაჩერებულია. თუმცა საიტი, პლატფორმა აგრძელებს მუშაობას. სავარაუდოდ ესეც ძალიან მალე დაიხურება. მისი მომავალი არის დამოკიდებული ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მივიღებთ. დიდი ალბათობით იგივე ბედი ეწევა, რაც წინა სტარტაპს. ჯერჯერობით ჩართულია, ფუნქციონირებს, ადამიანები იყენებენ მას. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოიყენოს და დაგეგმოს მგზავრობა.”- აცხადებს Biliki.AI-ის თანადამფუძნებელი.
“ბილიკის” გუნდმა პირველი აპლიკაცია Biliki App 2020 წელს აამუშავა. აპლიკაცია მოგზაურებს მათზე მორგებული ტურების დაგეგმვასა და სხვადასხვა მარშრუტების შედგენაში ეხმარებოდა. 2023 წლიდან კი დამფუძნებლებმა მსოფლიოში პირველი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ეკომეგობრული ტურიზმის პლატფორმა Biliki.AI შექმნეს.