დასავლეთი ე.წ. „რუსული კანონის“ უკან არ გაწვევის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ლიდერებს სანქციებით ემუქრება, საპასუხოდ, „ოცნება“ პარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს დასაძლევად ემზადება. ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს ივანიშვილს? რატომ არის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ე.წ. „რუსული კანონის“ გატანით სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის ჩახშობა? და რა რესურსი აქვთ კანონის მოწინააღმდეგეებს?! ამ თემებზე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთოების საკითხთა მკვლევარს, გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა:
შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუბიკონი გადალახა, დასავლეთის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ე.წ. „რუსული კანონი“ „ოცნების“ უმრავლესობამ მაინც მიიღო, ახლა რჩება ვეტოს დაძლევა, რაც პრობლემას არ წარმოადგენს, პარალელურად ჩვენ ვხედავთ, სასტიკ ძალადობას და დაშინებას, შსს-ს და „ოცნების“ პარტიული ზონდერ ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე, სტუდენტებზე, აქტივისტებზე, მათი ოჯახის წევრებზე, რომ საპროტესტო მუხტი როგორმე ჩაახშონ. რისი იმედი აქვს ივანიშვილს?
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც საკმაოდ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი, აქვს ადამიანური რესურსიც. კი, ამ ამბების ფონზე, „ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ხელისუფლებას მხარდამჭერების მობილიზაციის რესურსი, ძალით თუ მოსყიდვით, მაინც გააჩნია.
აქვს სადამსჯელო რესურსიც, ეს არის შსს-ს ის დანაყოფები, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენება. და, ეს არაფორმალური ზონდერ ჯგუფები, რომლებიც დაშინებასა და თავდასხმებში მონაწილეობენ.
ივანიშვილს აქვს პროპაგანადის რესურსიც. ეს რესურსები ხელისუფლებას გააჩნია და ამავე დროს, „ოცნებას“ აქვს გეგმა. მათი ლოკალური ამოცანაა, რომ რუსული კანონი ძალაში უნდა შევიდეს და აქვთ, ამ ამოცანის განხორციელების გეგმაც.
ანუ ივანიშვილის გეგმის მთავარი არსი ყველა ოპონენტის გამოფიტვა, დაშინება, დასჯაა?
„ოცნება“ ზუსტად იმ სქემით მოქმედებს, რომელსაც ოპოზიციის წინააღმდეგ რუსეთში იყენებდნენ. საპროტესტო აქციის დროს ყველაზე აქტიურ დემონსტრანტებს ან ფიზიკურად უსწორდებიან ან აკავებენ; ნაწილს ფოტოებს უღებენ, იმახსოვრებენ, მომდევნო დღეებში აკითხავენ, ნაწილის დაშინებას ცდილობენ – იქნება ეს მშობლებთან თუ შვილებთან სატელეფონო მუქარა, სამსახურიდან დათხოვნა, ოჯახის წევრებზე ზეწოლა და ა.შ. ამ ყველაფერმა, დროში გახანძლივებულად, რუსეთში ძალიან კარგად იმუშავა
დიახ, ივანიშვილმა მის მიერ დაფინანსებულ 29 აპრილის მიტინგზე, პირდაპირ თქვა, რომ ჩემი მოწინააღმდეგეები ახლა ენერგიას ხარჯავენ, ოქტომბრამდე გადაიღლებიან და გამოიფიტებიანო. რაში მდგომარეობს გამოფიტვა? „ოცნება“ ზუსტად იმ სქემით მოქმედებს, რომელსაც ოპოზიციის წინააღმდეგ რუსეთში იყენებდნენ.
საპროტესტო აქციის დროს ყველაზე აქტიურ დემონსტრანტებს ან ფიზიკურად უსწორდებიან ან აკავებენ; ნაწილს ფოტოებს უღებენ, იმახსოვრებენ, მომდევნო დღეებში აკითხავენ, ასევე აკავებენ ან უსწორდებიან;
ნაწილის დაშინებას ცდილობენ – იქნება ეს მშობლებთან თუ შვილებთან სატელეფონო მუქარა, სამსახურიდან დათხოვნა, ოჯახის წევრებზე ზეწოლა და ა.შ ამ ყველაფერმა, დროში გახანძლივებულად, რუსეთში ძალიან კარგად იმუშავა.
ასე გამოიფიტა რუსეთში საპროტესტო მუხტი. შეიძლება, გავიხსენოთ 2011-13 წლებში, მასობრივ გამოსვლები მოსკოვში, ბალოტნაიაზე, რომელსაც პუტინმა სწორედ მასობრივი დაჭერებით, დაშინებით უპასუხა, საბოლოო ეს საპროტესტო მუხტი გამოიფიტა და ჩაქრა.
ამას ემატება გადაღლაც, რაც ერთის მხრივ იმის შედეგია, რომ კონკრეტულ დროში შედეგი არ დგება. მეორეს მხრივ, ეს ასევე შეიძლება იყოს, საპროტესტო აქციების მართვის დროს, ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომების შედეგი.
ორივე ასეთ შემთხვევაში, ეს პროტესტის მონაწილეების იმედგაცრუებას იწვევს. აი, ამის იმედი აქვს ივანიშვილს, ამ რესურსების რაც ჩამოვთვალე და ამ რესურსებით, დასახული ამოცანის შესრულების.
როგორია გეოპოლიტიკური კონტექსტი? ვისი მხარდაჭერით სარგებლობს ამჟამად ივანიშვილი, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის განადგურების გეგმის დროს? ეს არის რუსეთი, ჩინეთი, უნგრეთი თუ ყველა ერთად ?
რახან გეოპოლიტიკური კონტექსტი გვაინტერესებს, საერთო სურათის დასანახად, როგორც მინიმუმ უნდა შევხედოთ, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ფართო კონტექსტზეც შეიძლება საუბარი, რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში, სადაც ასევე მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება, თუმცა, მაინც ჩვენი სამეზობლოდან დავიწყებ.
გეოპოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით, რუსეთს სადაც შესუსტებული აქვს პოზიციები, იქ ცდილობს ამ პოზიციების ასე ვთქვათ, აღდგენას და სადაც მყარი პოზიციები აქვს, იქ გამყარებას ცდილობს. ჩვენთან რუსეთს აქვს მყარი პოზიციები, იმის გამოისობით, რომ „ოცნება“ ახორციელებს, პრორუსულს კია არა, რუსეთის პოლიტიკას საქართველოში. ჩვენს შემთხვევაში ხდება ამ მყარი პოზიციების კიდევ უფრო გამყარება, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიულ და კრიტიკულ აზრს ჩაახშობენ
სომხეთში ვხედავთ, რომ ძალიან გააქტიურებულები არიან პრორუსული ძალები, პრემიერ ფაშინიანის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ბოლო პერიოდში, აშკარად გამოკვეთა, დასავლეთთან, კერძოდ ევროკავშირთან დაახლოების კურსი. პრაქტიკულად ღია გეგმაა მოსკოვიდან მხარდაჭერილი, რომ ფაშინიანი ხელისუფლებას ჩამოაშორონ.
აზერბაიჯანს ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკა არ აქვს, იქ მყარად ფლობს ძალაუფლებას ალიევის ხელისუფლება და ისეთ პოლიტიკას, რასაც ახლა სომხეთში ახორციელებს, რუსეთი იქ ვერ გაატარებს. თუმცა, მოსკოვს აზერბაიჯანის მიმართ ინტერესი დაკარგული არ აქვს. რუსეთი ყველანაირად ცდილობს „დაიბას“ აზერბაიჯანი. ამ მიზნით, აზერბაიჯანის მონაწილეობით ხორციელდება „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დამაკავშირებელი სატრასპორტო დერეფნის პროექტი, რომელიც სანქტ-პეტერბურგს აზერბაიჯანი-ირანის გავლით, ინდოეთთან დააკავშირებს.
ძალიან გაზრდილია ვაჭრობა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, მათ შორის გაზის და ნავთობის სფეროში, მაგალითად, შარშან, როცა რუსეთს შეექმნა საწვავის კრიზისი, პირიქით, აზერბაიჯანმა მიაწოდა ბენზინი.
რუსეთიდან აზერბაიჯანისთვის მიწოდებული გაზი, ბაქოს საშუალებას აძლებს ევროკავშირში საკუთარი გაზის ექსპორტი გაზარდოს. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ამ გზით, შესაძლოა, ევროკავშირის ბაზარზე, რუსული გაზიც კი მოხვდეს, როგორც „აზერბაიჯანული“.
ამავე დროს, საკმაოდ ბევრი რუსული კომპანია მუშაობს ამჟამად აზერბაიჯანში და მათი რიცხვი კიდევ უფრო იზრდება. დაგეგმილია ძალიან მსხვილი რუსული კომპანიების გადატანა ბაქოში, მათ შორის, მაგალითად ავტომობილების წარმოების.
ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? რუსეთი მოგეხსენებათ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ ანუ ის ომისთვის საჭირო მარაგ-ნაწილებს თუ სხვა პროდუქციას, ღებულობს, ან იმ ქვეყნებისგან, რომლებიც სანქციებს არ არიან მიერთებულნი ან სანქციების გვერდის ავლით. აზერბაიჯანში ასეთი წარმოებების გადატანის შემთხვევაში, მოსკოვს ეს პრობლემა მოეხსნება. მთავარი სტრატეგია აზერბაიჯანთან მიმართებით არის საერთო ინტერესების მონახვა და საერთო ინტერესების მეშვეობით, რაც შეიძლება მჭიდროდ აზერბაიჯანის რუსეთთან მიბმა.
რაც შეეხება მოლდოვას, იქ როგორც ჩვენთან, ოქტომბერში არის დაგეგმილი, როგორც საპარლამენტო არჩევნები, ისე რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ არჩევნების წინ, ჩვენ ღიად ვხედავთ, რომ მოლდოვის პრორუსული პარტიები მოსკოვში შეიკრიბნენ და იქ ღიად ხდება მათი ინსტრუქტაჟი, დაფინანსება და მობილიზაცია.
მოლდოვას დნესტრისპირეთის გარდა, კიდევ აქვს ერთი პრობლემური ავტონომიური მხარე გაგაუზია და აქაც ვხედავთ, გაგაუზიის ხელისუფლების წაქეზებას, გააქტიურებას, რუსეთის მიერ, მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ.
საბოლოო ჯამში, გეოპოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით, იმის თქმა მინდა, რომ სადაც რუსეთს შესუსტებული აქვს პოზიციები, იქ ცდილობს ამ პოზიციების ასე ვთქვათ, აღდგენას. და, სადაც მყარი პოზიციები აქვს, იქ გამყარებას ცდილობს. ჩვენთან რუსეთს აქვს მყარი პოზიციები, იმის გამოისობით, რომ „ოცნება“ ახორციელებს, პრორუსულს კია არა, რუსეთის პოლიტიკას საქართველოში. ჩვენს შემთხვევაში ხდება, ამ მყარი პოზიციების კიდევ უფრო გამყარება, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიულ და კრიტიკულ აზრს ჩაახშობენ.
შესაბამისად, ამით აიხსნება, რომ სასამართლოს და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების შემდეგ, ივანიშვილმა გენერალური იერიში სწორედ არასამთავრობო სექტორსა და კრიტიკულ მედიაზე მიიტანა, რომლებსაც ვერ აკონტროლებს.
დიახ. ჩვენ 2022 წლის დასაწყისიდან გვესმის ანტიდასავლური პროპაგაგანდა, რომელშიც ხელისუფლების მთელი პროპაგანდისტული მანქანაა ჩართული და თვითონ „ოცნების“ ლიდერშიფიც. საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პროპაგანდამ არ იმუშავა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.