“ბიზნეს ცენტრებში რიგებია” – კომერციულ ფართებზე მოთხოვნა იზრდება

უძრავი ქონების ბაზარზე ბინების გაყიდვები მცირდება. შენელებულ მოთხოვნას კერძო სექტორის წარმომადგენლები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის მთავარი წინასაარჩევნო პერიოდია.
უძრავი ქონების ყიდვას მომხმარებლები არ ჩქარობენ, მაგრამ როგორც უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate-ს თანადამფუძნებელი ამბობს, მზარდია მოთხოვნა იჯარაზე, განსაკუთებით კომერციული ტიპის ფართებზე. მისი შეფასებით, ბიზნეს ცენტრებში საოფისე სივრცეებზე რიგებია.
“საზაფხულო პერიოდი დამთავრდა, რასაც აქტიურად მოჰყვება ხოლმე იჯარაზე მოთხოვნა, რადგან ჩამოდიან თანამშრომლები სხვადასხვა კომპანიიდან და იზრდება მოთხოვნა, როტაციების პერიოდიც ემთხვევა და ეს კიდევ უფრო აქტიურს ხდის ბაზარს.
მაგალითად, ჩვენ ასოციაციაში ბევრი წევრი გვიკავშირდება რეფერალური ხელშეკრულებების კუთხით და ცხადია აქტიურობა არის, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მოთხოვნა არის მაღალი საიჯარო მიმართულებით უძრავ ქონებაზე.
საცხოვრებელზეც და კომერციულზეც არის მოთხოვნა. ორივე მიმართულებით ზრდას ვხედავთ, ძალიან აქტიური და სტაბილურია მოთხოვნა. კოლეგებისგანაც ვისმენთ, რომ დაკვეთაა, რომ მეტი ბიზნესცენტრი იყოს ქვეყანაში და მეტი კომერციული ფართი გამოჩნდეს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ რიგებია ბიზნეს ცენტრებში და კომპანიები ელოდებიან, რომ მათთვის სივრცეები გათავისუფლდება”,-ამბობს უძრავი ქონების კომპანია Noble Real Estate-ს თანადამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი.