ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი 2 105 ლარს გაუტოლდა

2024 წლის მეორე კვარტალში, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 769.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.6 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.4 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.5 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 724 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 657 000 000 ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი).
2024 წლის მეორე კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 105.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 190.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 636.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 153.8 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:
· მსხვილი ბიზნესი – 2 224.0 ლარი;
· საშუალო ბიზნესი – 2 538.1 ლარი;
· მცირე ბიზნესი – 1 653.6 ლარი.
2024 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.4, 11.8 და 9.6 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.2 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.0 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.3 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.1 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

ასევე დაგაინტერესებთ