ბიზნეს სექტორის ბრუნვა 56.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა – ბრუნვის 37.6%-ი ვაჭრობაზე მოდის

2023 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 9.1 პროცენტით გაიზარდა და 56.4 მილიარდი ლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2023 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 21.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.0 პროცენტით მეტია.
2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 64.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 20.7 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 42.1 პროცენტი, საშუალოზე – 23.9 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 34.0 პროცენტი.
2023 წლის IV კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 30.5 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 18.9 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით მეტი) შეადგინა.
2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.2 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 7.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 6.6 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.5 პროცენტიანი წილით, ხოლო 11.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს ვაჭრობა (20.2 პროცენტი) და მშენებლობა (19.5 პროცენტი), შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (19.1 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.8 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 782.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.6 პროცენტი ქალია, ხოლო 57.4 პროცენტი – კაცი.

ასევე დაგაინტერესებთ