ბიზნეს სექტორის ბრუნვა 48.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა – როგორია სტატისტიკა საწარმოთა მოცულობის მიხედვით

2024 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6 პროცენტით მეტია.
2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 16.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 47.8 პროცენტი, საშუალოზე – 24.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 28.2 პროცენტი.
2024 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 25.8 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 16.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტი) შეადგინა.
2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 35.0 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 8.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.4 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 13.0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.0 პროცენტი) და ვაჭრობა (18.3 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (16.7 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (8.9 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 35.2 პროცენტიანი წილი უჭირავს.