ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 56 მლრდ ლარი შეადგინა, პირველ ადგილზე აზარტული თამაშებია
2025 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.5%-ით გაიზარდა და 56.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2025 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 20.7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.6%ით მეტია.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 70.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 13.5% – საშუალოზე, ხოლო 15.9% – მცირე ბიზნესზე.
თუმცა, საქსტატი აღნიშნავს, რომ განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.6%, საშუალოზე – 23.1%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 28.3%.
მონაცემების თანახმად, 2025 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 28.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 17.2 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9%ით მეტი) შეადგინა.
საქსტატის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 771.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია. ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.9% ქალი იყო, ხოლო 56.% – კაცი.
2025 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 35.9 % მოდის აზარტული თამაშები, ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილზეა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.7 %-ანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 7.1%-ით, მშენებლობა – 5.0%-ანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4.7%-ით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.4%-ით, ხოლო 10.2 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
