„ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა – განცხადება

ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. გაერთიანება პარლამენტს კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” რჩება საკუთარ პოზიციაზე და კვლავაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს.
გასული წლის მსგავსად აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაციის ზრდა გამოიწვია, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
სიტუაცია მკვეთრად დაძაბულია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას.
ბიზნესასოციაცია, რომელიც 100-მდე წევრს აერთიანებს 65-ზე მეტი კომპანიიდან მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა და ყველა მხარემ კონსოლიდირებული და მშვიდობიანი გამოსავალი ერთობლივად მოვძებნოთ”, – წერია განცხადებაში.