„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე თანაგუნდელებთან ერთად დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, – ამჯერად არა მთავრობის ადმინისტრაციაში, არამედ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე – ფონდი “ქართუს” სასტუმრო „პარაგრაფში“.
ეს შეხვედრა გაიმართა ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი ნათესავების დაკავებისა და მთავრობაში საკადრო ცვლილებების შემდეგ, – 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების (და იმავე დღეს პროტესტის) მოლოდინში.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სტაბილურობაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, ემირატულ EMAAR ჯგუფის $6,6 მლრდ-ის ინვესტიციაზე, დოლართან გამყარებულ ლარზე – თუმცა, არ უსაუბრია ევროსთან ლარის გაუფასურებაზე);
კობახიძემ გააკრიტიკა წინამორბედები ფინანსების დაუზოგავობის (როგორც თავად ამბობს, მისმა გუნდმა 700 მილიონი დაზოგა, ნაწილობრივ, კადრების ოპტიმიზაციით), ასევე ენერგეტიკის სექტორში „არასწორი პრაქტიკის“ გამო;
კობახიძემ დააიმედა მსხვილი ბიზნესი, რომ მისი მთავრობა, – მათ შორის „პირადად ეკონომიკის მინისტრი“ – მზადაა ყველა პრობლემის სწრაფად გადასაჭრელად.
კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენებმა ჟურნალისტებს უთხრეს: „თუ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება, ეს ბიზნესს დააზიანებს“.
ირაკლი კობახიძემ 2024 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ორჯერ უმასპინძლა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, – ჯერ 2024 წლის 23 დეკემბერს, შემდეგ კი 2025 წლის 4 ივლისს.
ის შეხვედრები, – რომელთაც „ოცნების“ პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი იშვიათი მსხვილი ბიზნესფიგურები ესწრებოდნენ, – დახურულ კარს მიღმა გაცილებით მეტხანს გაგრძელდა.
შეხვედრის ამჯერად ფორმატი განსხვავებული იყო.
ბიზნესი და ხელისუფლება თავისუფლების მოედანზე, „ქართუს“ კუთვნილ სასტუმრო „პარაგრაფში“ შეხვდნენ ერთმანეთს – „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ (GBA-ის) კვარტალური კვლევის პრეზენტაციაზე.
GBA-ს ის პრეზიდენტმა და „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ, „BAG ინდექსი“ წარადგინა, – ორგანიზაციის ასოციაციის წევრი კომპანიების შეფასება ბიზნესკლიმატის შესახებ.
შეხვედრაზე იყვნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები – ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის და სხვა მინისტრები, ეროვნული ბანკის მმართველი, ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
სახელისუფლებო გუნდიდან იყვნენ სხვა, ისეთი სახეებიც, რომლებიც მინისტრებივით ხშირად არ ჩნდებიან.
მაგალითად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები: საბანკო სექტორის, უძრავი ქონების და სხვა არაერთი სექტორის წარმომადგენლები, – უმეტესობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი.
მათ შორის:
· ირაკლი რუხაძე – პროსახელისუფლებო მედიის – „იმედის“ და სხვა არაერთი ბიზნესის მფლობელი, რომელიც ბოლო დროს ბრიტანული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა;
· ნოშრევან ნამორაძე – „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა არაერთი კომპანიის მფლობელი, ვინც წინა დღით უარყო გავრცელებული ჭორი, რომ ქვეყნიდან იყო გაქცეული;
· ლაშა პაპაშვილი – “სკინტლის სკანდალში” გახვეული „ყვარლის ბაგის“ დამფუძნებელი;
· გიორგი რამიშვილი – „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელი, რომელიც ახლახან იარაღის ტარების გამო დააკავეს აეროპორტში;
ასევე ესწრებოდნენ:
· ვახტანგ ბუცხრიკიძე – „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი;
· არჩილ გაჩეჩილაძე – „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი;
· შავლეგ მიშველაძე – „გალფი საქართველოს“ ბიზნესის განვითარების დირექტორი
· თემურ კოხოძე – „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი
· ნინა კობახიძე – კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ფხაკაძის მისალმების შემდეგ ირაკლი კობახიძემ, დაახლოებით 15-წუთიან სიტყვაში არაერთი აქცენტი დასვა. მათ შორის:
„ეკონომიკური სტაბილურობა და ზრდა“
