“ბიზნესს ყური უნდა დაუგდონ” – “შოთა რუსთაველი” საშემოსავლოს და დღგ-ის გადავადებას ითხოვს

ბუტიკური ტიპის სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალური მენეჯერი ნინო ჩუბინიძე აცხადებს, 2016 წლიდან მოყოლებული, რაც სასტუმრო ოპერირებს, არცერთ ზამთარს ასეთი მძიმე სიტუაცია არ ჰქონიათ.
მისივე თქმით, მართალია, ზოგადად, იანვარი თბილისის სასტუმროებისთვის აქტიური სეზონი არაა, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სტუმრების რიცხვი 20%-ით შეუმცირდათ.
„იანვარში დაგვიდგა საჭიროება, სასტუმროს მფლობელისთვის გვეთხოვა ფინანსური დახმარება, რათა ხელფასები გავისტუმროთ“, – განაცხადა გენერალურმა მენეჯერმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.
მისივე ინფორმაციით, 55-ნომრიან სასტუმროში 65 ადამიანია დასაქმებული და მენეჯმენტი ცდილობს, ისინი მაქსიმალურად შეინარჩუნოს და არც ხელფასების შემცირება მოუწიოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, დასაქმებულები ბიზნესის სხვა სექტორში დასაქმებას არჩევენ.
აღსანიშნავია, რომ ბუტიკური ტიპის სასტუმრო „შოთა რუსთაველი“ თბილისში შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობს და მთავარი შესასვლელი ჭიჭინაძის ქუჩიდან არის, ამიტომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა სასტუმროს დატვირთულობაზე ნეგატიურად აისახა.
„ზოგადად, ჩვენი ბაზარი, ძირითადად, და იყო; სტუმრების რიცხვი ძალიან შემცირებულია. მოგეხსენებათ, ტურიზმისთვის უსაფრთხოება და მშვიდობა არის ორი მთავარ ფაქტორი, რომლის გარეშეც მას არ შეუძლია არსებობა; მოგზაურობა არაა პირველადი მოთხოვნილების პროდუქტი; ეს არაა პური, რომელსაც ადამიანი აუცილებლად იყიდის, რაც არ უნდა ხდებოდეს მის გარშემო. ტურიზმი უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას… 2024 წლის დეკემბერში, როდესაც ძლიერი საპროტესტო ტალღა იყო, ჩვენი სტუმრები, ძირითადად, უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ – ლოკაციის გამო, მათთვის მიმდინარე მოვლენების გაშუქება ძალიან მოსახერხებელი იყო.
სხვა [ჩვეულებრივ ტურისტებს] კი გასაგებია, რომ ჭიჭინაძის ქუჩაზე მოსვლა ფიზიკურადაც უძნელდებოდათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ იანვარში, როცა სიტუაცია ჩაწყნარდა და მანიფესტაციებს აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმა აქვს, სრულიად არაპროგნოზირებად სიტუაციაში აღმოვჩნდით.
2024 წლის იანვართან შედარებით, [სტუმრების] 20%-იანი ვარდნა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენს დატვირთულობას არ ვადარებთ მაღალ სეზონს ანუ ისედაც დაბალი დატვირთულობის პერიოდში ის მოლოდინები, რაც გაქვს, რომ არ მართლდება, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით მიმდინარე ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებით, სახელფასო ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებით და ასევე, საბიუჯეტო ვალდებულებების გადახდასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ჩუბინიძემ.
სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალურმა მენეჯერმა „წერტილთან“ ინტერვიუში გაიხსენა covid-პანდემიის პერიოდი, როდესაც მთავრობამ ტურიზმის სექტორი რამდენიმე თვით გადასახადებისგან გაათავისუფლა და იქვე აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ბიზნესს, ვინც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო დაზარალდა, გადასახადების გადახდას გადაუვადებს.
კერძოდ, ჰოტელიერი გულისხმობს თებერვალ-მარტში მაინც საშემოსავლოს და დღგ-ის გადასახადების გადახდის გადავადებას, რადგან იმედოვნებს, რომ აპრილიდან მდგომარეობა გამოსწორდება.
„ჩვენც, ისევე როგორც ყველა ბიზნესს გვაქვს ჩვენი ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ – ესაა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადები, რომელიც ყოველთვიურადაა გადასახდელი. რა თქმა უნდა, დღგ-ის გადასახადი მცირდება, როცა შემოსავალი მცირდება… ასე რომ, ძალიან კარგი პრეცედენტი იქნებოდა, თუ სახელმწიფო გაითვალისწინებს ჩვენს მდგომარეობას და აღიარებს, რომ ტურიზმის ბიზნესს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. მე მხოლოდ ჩემი ობიექტიდან გამომდინარე არ ვსაუბრობ. კოლეგებს შორის კომუნიკაციაა და ძალიან ბევრი სასტუმრო დგას იმ რისკის წინაშე, რომ ვერ დაფარავენ რიგ გადასახადებს…
ვიცი ობიექტები, რომლებიც დაიხურა, ვიცი ობიექტები, რომლებსაც მოუწიათ ხელფასების და კადრების შემცირებაც; ვიცი, რომ ეს ხდება საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებშიც, რომლებსაც მყარი მარკეტინგი და საერთაშორისო მხარდაჭერა აქვთ და თითქოს მათი მდგომარეობა ბევრად უფრო ძლიერია და მყარია ბაზარზე, მაგრამ მათაც შეეხოთ [გამოწვევები]“, – აღნიშნა ნინო ჩუბინიძემ.
„წერტილის“ წამყვანის რეპლიკაზე – „ეკონომიკის მინისტრის თქმით, ანალიზის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შესაძლოა, ტურიზმში გარკვეული ბიზნესები დაზარალდნენ, მაგრამ მთლიანობაში, სექტორზე გავლენა არ მოუხდენია, ამიტომ არ იგეგმება დახმარება ან შეღავათები“, სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალურმა მენეჯერმა იმედი გამოთქვა, რომ ლევან დავითაშვილი ტურიზმში არსებულ მდგომარეობას ზამთრის კურორტებზე არსებული ვითარებით არ ზომავს.
„იმედია, ზამთრის კურორტებზე უცხოელი ტურისტებიც არიან და ყველას მინდა ბევრი დამსვენებელი ვუსურვო, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ზამთრის კურორტებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო არის შიდა ტურიზმი – თბილისიდან და რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეები“, – დასძინა ჰოტელიერმა.
ნინო ჩუბინიძემ „წერტილთან“ ინტერვიუში, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ბიზნესთან შეხვედრისთვის დროს გამონახავს.
„ჩვენს ბიზნესს აუცილებლად უნდა დაუგდონ ყური, რადგან ტურიზმის ინდუსტრია ძალიან მსხვილი დამსაქმებელია და ასევე მნიშვნელოვანია მოგზაურობიდან შემოსავლები, რომელსაც ქვეყანა იღებს [2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.4 მლრდ დოლარი მიიღო]. იმედია, როცა შეხვედრა შედგება, არ მიიწვევენ და არ მოუსმენენ მხოლოდ საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. საჭიროა, ყველა ტიპის განთავსების ობიექტების ხელმძღვანელებს მოუსმინონ. რატომ არ ხდება ასეთი შეხვედრა არ ვიცი“, – განაცხადა ნინო ჩუბინიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ 2030 წლისთვის ბევრად უფრო წინ ვიყოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ასეთ პირობებში აბსოლუტურად რეალური იქნება საუბრები ევროინტეგრაციაზე – ირაკლი კობახიძე

ევროსაბჭოს წევრად რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე, საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო – ირაკლი კობახიძე