იურიდიული კომპანია Pillarsfield Legal-ის თანადამფუძნებლის სოფო მეშველიშვილის განცხადებით, „ბიზნესს სჭირდება ეფექტიანი მართლმსაჯულება დღეს და არა ხვალ“.
ამის შესახებ Pillarsfield Legal-ის თანადამფუძნებელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც სასამართლო სისტემაში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებს შორის გაჭიანურებული დავების საკითხიც გამოყო.
„Pillarsfield Legal-ის პორტფელშიც არის ისეთი საქმეები, სადაც გაჭიანურებული მართლმსაჯულების შედეგებს ცუდად შევიგრძნობთ. ბიზნესს სჭირდება ეფექტიანი მართლმსაჯულება დღეს და არა ხვალ. ჩვენს პორტფელში საქმეების 30% მაინც არის ისეთი, სადაც დღემდე ველოდებით სასამართლო სხდომების ჩანიშვნას, მათ შორის ისეთ დავებზე, სადაც ბიზნესისთვის მიყენებული ზიანი რამდენიმე მილიონ ლარს აჭარბებს.
თუ ეფექტიანი მართლმსაჯულება ჩვენ ვერ ვიგრძენით დღეს, ბიზნესი იმ გამოწვევების დაძლევას, რაც მას ყოველდღიურად აქვს, ფიზიკურად ვერ შეძლებს. რატომ? თუ იმ საქმეების სასამართლო გადაწყვეტა, რომელზედაც სარჩელები 3 წლის წინ გვაქვს შეტანილი, დროულად არ მოხდა, მოპასუხე მხარე აუცილებლად გამოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობასაც და როცა აღსრულების ეტაპზე მივალთ, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი წელი გაილია. დაგვიანებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები ბიზნესს განვითარების შესაძლებლობას ართმევს და აფერხებს.
ამდენად, სასამართლო დავებში ხშირად დრო არის კრიტიკული. რაც უფრო დაგვიანებულია შედეგი, მით მეტია რისკია დანაკარგების. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ბიზნესს“, – განაცხადა სოფო მეშველიშვილმა და კონკრეტული მაგალითიც მოჰყვა.
„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გვაქვს რამდენიმე მიმდინარე დავა, სადაც წარმოვადგენთ ბიზნესსექტორის ინტერესებს, და მიყენებული ზიანის ოდენობა 4,000,000 აშშ დოლარს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი სასამართლოში შეტანილია უკვე ორ წელზე მეტი ხანია, დღემდე სასამართლო სხდომები არ ჩანიშნულა.
რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია მოსამართლეთა დატვირთვაც – ისინი, ისევე როგორც ყველა პროფესიონალი, საჭიროებენ დროს საქმის სიღრმისეულად შესასწავლად. მათი სამუშაო გრაფიკი ხშირად გადატვირთულია, მით უმეტეს, თუ საქმე კომპლექსურ და მრავალფეროვან იურიდიულ საკითხებს ეხება.
თუმცა რეალობა ისეთია, რომ თუნდაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილოს ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეს 4,000,000 დოლარის გადახდის ვალდებულება დააკისროს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე კიდევ წლებია“, – აღნიშნა მან.
გამოწვევებზე საუბრისას სოფო მეშველიშვილმა ხაზი გაუსვა სპეციალიზებული მოსამართლეების საკითხსაც.
„ჩვენს სამართლებრივ სისტემაში არ გვაქვს ცალკე სპეციალიზებული სასამართლო, მაგალითად: სავაჭრო/კომერციული მიმართულებით, თუმცა საერთო სასამართლოების სისტემაში ცალკე სპეციალიზება ხდება და ბიზნეს/კომერციული დავების განმხილველი მოსამართლეები ცალკე გვყავს, თუმცა მოჭარბებული დავების ფარგლებში, მათი რაოდენობა საკმარისი არ არის, რაც ასევე უარყოფითად აისახება დავებზე“, – ამბობს ის.
მთლიანობაში, პრაქტიკოსი ადვოკატი ასკვნის, რომ არადროული მართლმსაჯულება აფერხებს უცხოურ ინვესტიციებსაც.
„ჩვენი გამოცდილებით, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც უცხოელი კლიენტების მხრიდან გვესმის არის დავის გადაწყვეტისთვის რა დროა საჭირო თქვენს ქვეყანაში, რომელზედაც ზუსტი პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია და ძალიან ხშირად იწვევს მათ გაკვირვებას“, – თქვა სოფო მეშველიშვილმა „წერტილში“ და იქვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, დავის გადაწყვეტის ისეთი ალტერნატიული მექანიზმების ცნობადობის გაზრდა და შესაბამისად, გამოყენება, როგორებიცაა: მედიაციის ინსტიტუტი და არბიტრაჟის ინსტიტუტი.
