“ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და ეს პოზიცია, მისივე თქმით, მკაფიოდ გამოითქვა ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ ბოლო შეხვედრაზე.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში 4 ივლისს გამართა ხანგრძლივი შეხვედრა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან.
„ყველა აღიარებს, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოითქვა შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან. მათ შორის, იქ იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც ღიად გამოხატავენ თავიანთ ოპოზიციურ განწყობას.
ბიზნესს როცა ეხება საქმე, აქ არის წითელი ხაზი, არავითარი დისკრიმინაცია, შეზღუდვა და ა.შ. ბიზნესი იქნება სრულიად თავისუფალი მომავალშიც და ისარგებლებს თანასწორად ყველა იმ უფლებით, რაც ნებისმიერ სხვა ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს“.
კობახიძის თქმით, ახალ ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილსაც აქვს სრული მზაობა ბიზნესთან თანამშრომლობაზე.
„სახელმწიფოს ფუნქციაა, ამისათვის საუკეთესო გარემო შექმნას, მაგრამ უშუალოდ სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი, ადამიანებს ასაქმებს, ზრდის ეკონომიკის სიმძლავრეს და ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს მხარდაჭერა“, – განაცხადა მან.
