“კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი როლი ადამიანური კაპიტალის მომზადების პროცესში”- ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში თამარ ზაქარაშვილი, პროფესიული კოლეჯ “კონსტრუქტ2-ის” დირექტორი აცხადებს.
მისი თქმით, საჭირო კვალიფიკაციის კადრების მომზადების პროცესში გარკვეული პასუხისმგებლობა ბიზნესმაც უნდა აიღოს და ჩაერთოს პროფესიული განათლების სისტემაში, რადგან როგორც ზაქარაშვილი მიიჩნევს, პროფესიული განათლება ვერ განვითარდება კერძო სექტორის გარეშე და კერძო სექტორს ვერ ეყოლება საჭირო კადრი, თუ მან პასუხისმგებლობა არ აიღო მათ მომზადებაზე.
“აუცილებელია ბიზნესი ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში, ამ თანამშრომლობის ბევრნაირი მექანიზმი აქვს შემუშავებული სახელმწიფოს. თუ ბიზნესს სჭირდება კადრები, მას შეუძლია მიმართოს განათლების სამინისტროს, შეუძლია ჩადოს თავისი ცოდნა, რადგან სწორედ ბიზნესია ის რგოლი, რომელმაც ზუსტად იცის, რა ტიპის უნარების მქონე ადამიანი სჭირდება და თუ განათლების სისტემა ვერ პასუხობს ამ უნარებს, ვერ აწვდის მის მოქალაქეებს შესაბამის ცოდნას, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სწორედ ბიზნეს სექტორმა მიაწოდოს ინფორმაცია და ამის საპასუხოდ, ყველაზე კარგი ფორმა არის მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამის შემუშავება.
კომპანიებმა უნდა დააიდენტიფიცირონ, რა პრობლემებია ბაზარზე, რა კომპეტენციის ხალხი სჭირდებათ. თუ არ არსებობს მსგავსი პროგრამა, შეიქმნას ეს პროგრამა. ამის შემდეგ შეუძლიათ მათ მიმართონ სახელმწიფოს, რომელიც აფინანსებს მოკლევადიანი მომზადების პროგრამებს [უნდა გაიაროს ავტორიზაცია]. მას შემდეგ, რაც პროგრამა ავტორიზებული იქნება, უნარების სააგენტო დააფინანსებს აღნიშნულ პროგრამას. ეს იმას ნიშნავს, რომ დაუფინანსებს მასწავლებლების ხარჯებს, სასწავლო მასალის ხარჯებს და შეუძლია კერძო სექტორმა თავად დაატრენინგოს ხალხი.
პროფესიული განათლება ვერ განვითარდება კერძო სექტორის გარეშე და კერძო სექტორს ვერ ეყოლება მოთხოვნადი კადრები, საჭირო უნარების მქონე კადრები, თუ თავად არ ჩაერთო ამ პროცესში და თავად არ მიაწოდა ინფორმაცია და რაღაც დოზით პასუხისმგებლობა არ აიღო თვითონ ამ კადრების მომზადებაზე.
მოთხოვნადი კადრის გადინებაც და ჩამოყვანაც ბუნებრივი პროცესია, თუმცა თუ ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი კადრების დასაქმებას, ამ ჩართულობით განათლების სისტემაში მოვამზადოთ, გამოვზარდოთ კადრები და უკვე შევქმნათ ადგილზე ადამიანური კაპიტალი. კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი როლი ადამიანური კაპიტალის მომზადების პროცესში”,-აცხადებს თამარ ზაქარაშვილი.
როგორც ცნობილია, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ეგიდით, “ოცნება” უცხოელების დასაქმებას ამკაცრებს იმ პირობებში, როცა ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და არის პროფესიები, სადაც ძირითადად სწორედ უცხოელები არიან დასაქმებულები. ბიზნესი ამბობს, რომ მაგალითად, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ასეთი არაერთი პოზიციაა, სადაც ბაზარზე კადრები სიმცირის ან დაბალი კვალიფიკაციის გამო ბიზნესი იძულებულია სამუშაო ძალა უცხოეთიდან ჩამოიყვანოს.
“ტურიზმის მიმართულებით გვაქვს გარკვეული პოზიციები, სადაც უცხოელების ჩართულობა ჩვენთვის გარდაუვალია. კერძოდ ტექნიკურ პოზიციებზე, მაგალითად ნომრების მართვის სისტემა მოიცავს ისეთი ტიპის ტექნოლოგიებს და ისეთი ტიპის დანადგარებს, რომლებთანაც სამწუხაროდ, ადგილობრივ ბაზარზე მომზადებული კადრები ერთი, რომ რაოდენობრივად არ გვყოფნის და მეორე, მათი მომზადების დონე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაუძღვნენ ასეთი ტიპის ტექნოლოგიებს.
ცხადია, საუბარია ისეთ ძვირად ღირებულ დანადგარებზე, რომლებთან პატარა შეცდომის დაშვებამაც კი შეიძლება 0,5-1 მილიონამდე ზარალზე გაიყვანოს ესა თუ ის ინვესტორი. ამიტომ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომთუ ვამბობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე არ გვინდა გარკვეული ტიპის პროფესიებზე უცხოელი კადრების მოზიდვა, მაშინ განათლების სფერო უნდა გვთავაზობდეს ისეთ მზა კადრებს, რომლებიც მათ ჩანაცვლებას შეძლებენ”,-აცხადებს KMS Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია წერეთელი.
