„ბიზნესს გვჭირდება, რომ საქართველოდან ადამიანები არ გარბოდნენ. პირიქით, გვინდა გარემო, სადაც საზღვარგარეთ წასული ადამიანები დაბრუნდებიან“, – ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესმენმა ბექა ბექაიამ გააკეთა.
კომპანია „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორის შეფასებით, დღეს ქვეყანაში ცუდი სიტუაციაა და რთულია ასეთ ქვეყანაში ბიზნესის კეთება.
„ბიზნესის საკეთებლად შესაბამისი ბიზნესგარემო უნდა იყოს… ბიზნესის წარმომადგენლებიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. მიუხედავად იმისა, ვის რა პოზიცია აქვს და მომავალს როგორ უყურებს, არსებული სიტუაცია აბსოლუტურად არავის მოსწონს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ამ გარემოში გვეცხოვრებოდეს, სადაც ვართ. გვაქვს ჩვენი შიშები და ღელვები – საითკენ მიდის ქვეყანა?! შეიძლება თუ არა ჩვენმა შვილებმა აქ იცხოვრონ?! და ა.შ. ეს ყველას აღელვებს. რაც შეეხება ბიზნესის მოლოდინებს, შეშფოთება მაღალია“, – განაცხადა ბექა ბექაიამ.
მისი შეფასებით, კარგია, რომ დღეს ბიზნესმენებს შეუძლიათ საკუთარი პოზიციის, მათ შორის კრიტიკული დამოკიდებულების, ღიად გამოხატვა, რადგან იყო დრო, როცა ამას ვერ ბედავდნენ, მაგრამ ცუდია მოლოდინი, რომ „შეიძლება, ეს ვერ შევძლოთ და ცუდი იქნება, თუ ეს მონაპოვარი დაიკარგა“.
– როგორი ქვეყანაა საქართველო? – ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები, გარდა ჩვენი ინტელექტისა და ადამიანური რესურსისა, რითაც შეგვიძლია შევქმნათ დამატებითი ღირებულება. აქ უნდა იყოს ისეთი გარემო, საიდანაც ადამიანები არ გაიქცევიან და ნიჭიერი, უნარიანი ადამიანები არ ჩათვლიან, რომ ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებენ და ემიგრაციაში წასვლას აირჩევენ.
– დღეს ასეთია განწყობებია თქვენ ირგვლივ?
– ნეგატიური განწყობებია და ამას ყველა ვხედავთ. მით უმეტეს ახალგაზრდებს არ აქვთ შემაკავებელი ფაქტორი, რომ დატოვონ ეს ქვეყანა. ჩვენს კომპანიაში ბევრი ახალგაზრდა მუშაობს, ისინი ამბობენ, თუ აქ ცხოვრებას აზრი არ ექნება, წავლენ [სხვა ქვეყანაში]. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებთან ვმუშაობთ, ვეუბნებით, რომ დროებითია, გადაივლის და ა.შ. ტრაგედია იქნება ქვეყნისთვის თუ მოქალაქეები გაიქცევიან – ამას ვამბობ როგორც მოქალაქე და ასევე, როგორც ბიზნესს გვჭირდება, რომ საქართველოდან ადამიანები არ გარბოდნენ. პირიქით, გვინდა გარემო, საიდანაც საზღვარგარეთ წასული ადამიანები ჩამოვლენ და აქ ღირებულებას ქმნიან და საერთო ჯამში, ბიზნესიც და ქვეყანაც განვითარდება.