ბიზნესმენ დავით მიქაძეს მესამე ბრალიც დაუსწრებლად წაუყენეს – ამჯერად საქმე ჯანგველაძის მკვლელობას არ ეხება

ეს დავით მიქაძისათვის, – რომელიც „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით აგვისტოდან იძებნება და ასევე წარდგენილი აქვს ადვოკატისადმი „მუქარის“ ბრალდება, – მესამე ბრალდებაა.
მიქაძეს სამივე ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს, დავით ჩუბინიძე კი დაკავებულია. პროკურატურა მისთვის „წინასწარი პატიმრობის“ შეფარდებას ითხოვს.
-ისა და პროკურატურის გავრცელებული ცნობებიდან იკვეთება, რომ ამჯერად ბრალდება ჯანგველაძის საქმეს არ უკავშირდება.
ამასთან, -ის მიერ 5 ნოემბერსვე გავრცელებული აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პატიმრობაში მყოფ გიორგი მიქაძეზე „კანონიერი ქურდების“ დავალებით ზეწოლას ახორციელებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.
რას ამბობს გამოძიება
გამოძიების ვერსია ასეთია:
· 2021 წლის დასაწყისში დავით მიქაძემ და მისი დაცვის უფროსმა, დავით ჩუბინიძემ – იცოდნენ რა, რომ დაზარალებული, ვინმე ვახტანგ კობიაშვილი საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, მათი „მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განიზრახეს“;
· ამ მიზნით დავით ჩუბინიძემ – დავით მიქაძესთან შეთანხმებით – აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის და განეცხადებინა, რომ იარაღების თითქოსდა დაუდგენელმა პირმა მოიპარა;
· შედეგად, მიქაძე და ჩუბინიძე „მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ კობიაშვილის კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღებს: GLOCK – 42-ის; SIG-SAUER – P-320 COMPACT MEDIUM-ის; DANIEL DEFENSE – DDM4 PDW-ის; NAA – 22 LLR-ის და BARNOW – CORECCO მოდელის ცეცხლსასროლ იარაღებს;
· ამის შემდეგ მიქაძე და ჩუბინიძე შეხვდნენ კობიაშვილს, დაინტერესდნენ პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსით და „კიდევ ერთხელ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა“;
· გამოძიება ასევე ამბობს, რომ მიქაძემ და ჩუბინიძემ ამ იარაღებიდან ერთ-ერთი, GLOCK – 42 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ვინმე „დავით ღოღელიანზე გაასაღეს“;
· ეს იარაღი, გამოძიების თანახმად, ამოღებულია ღოღელიანის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
· დავით ღოღელიანი დაუკავებიათ 19 სექტემბერს – ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით; ის წინასწარ პატიმრობაშია.
მიქაძე ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში
დავით მიქაძეს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წაყენებული:
· ლევან ჯანგველაძის საქმეზე ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს – სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
· გარდა ამისა, რამდენიმე თვეში მას ბრალი წაუყენეს ჯანგველაძის საქმეში ჩართული ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის „მუქარის“ გამო.
ჯანგველაძის „კილერობისათვის“ მსჯავრადებულია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელიც მიქაძეების მეგობრის, გიორგი ჯოხაძის პირად მცველად მუშაობდა სამი წლის განმავლობაში. მან მკვლელობა აღიარა, თუმცა უარყო შეკვეთა-ანგარების ვერსია და საქმე პირადი შურისძიების ვერსიით ახსნა. მოსამართლემ მას 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
მედიასთან ჯერჯერობით ერთადერთ ინტერვიუში 28 სექტემბერს დავით მიქაძემ „ფორმულასთან“ „აბსურდული“ უწოდა გამოძიების ვერსიას ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით:
„ლევან ჯანგველაძესთან არანაირი ბიზნესი არ მქონია საერთოდ. არც საერთო ინტერესები და არც დაპირისპირება. რომ გაეცნობით [საქმეს], ნახავთ, რომ ამ მოტივით არის ბრალში მითითებული, თუ რატომ „დავაორგანიზეთ“ ეს თემა. კატეგორიულად უარვყოფ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ბრალი აგებულია ცილისწამებასა და ტყუილზე“.
„ნულოვანი მტკიცებულებაა“ – ადვოკატი
5 ნოემბერსვე მიქაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა:
„მუდმივ მცდელობაში არიან რაიმე სახით ცეცხლსასროლი იარაღი „ჩაუდონ“. იცით რატომ? უძილაურის საქმეში მიქაძეების მონაწილეობამ სრული ფიასკო განიცადა. დაანონსებული ბრალი არაფრით დასტურდება, საქმეში ნულოვანი მტკიცებულებაა“.
გელბახიანმა ასევე ისაუბრა შსს-ს მიერვე დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში დავით მიქაძის და მისი ძმის, ამავე ბრალდებით პატიმრობაში მყოფი გიორგი მიქაძის სახელების ხსენებაზე.
ადვოკატის თქმით, ცხადი გახდა, რომ გიორგი მიქაძისადმი პატიმრების მხრიდან მუქარა ხორციელდებოდა.
· გიორგი მიქაძე რუსთავის ციხეში იმყოფება, სადაც მას პატიმრების ნაწილი „შუმოკს“ უწყობს – აგინებს, შეურაცხყოფას აყენებს მას და სავარაუდოდ მასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ოთარ ფარცხალაძეს;
· ამავე ციხეში მსჯავრს იხდის ბადრი (ბადუკა) ნათობაძე – მიქაძეების მეგობრის, გიორგი ჯოხაძის ძმის, კრიმინალური ავტორიტეტი სოსო ჯოხაძის მკვლელობის ბრალდებით;
· გიორგი ჯოხაძეც – რომელიც ძებნილია – ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული;
· ძმებ ჯოხაძეებსა და ნათობაძეს წარსულში დაპირისპირება ჰქონდათ. სოსო ჯოხაძე 2016 წელს ავტომობილში ჩაცხრილეს – ამისთვის მსჯავრდებული ნათობაძეა.
რა ირკვევა შსს-ს ჩანაწერებიდან
დავით მიქაძისათვის ახალი ბრალდების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად – დამატებითი დეტალების გარეშე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გაავრცელა, როდესაც ბრიფინგზე ისაუბრა „ქურდული სამყაროს“ წევრების დაკავების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ადამიანების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში დააკავეს 34 ადამიანი. ერთი მათგანი („ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლაგოდეხის საკრებულოში), მირზა ალიევი ლიკვიდირებულია, ერთი სპეცრაზმელი კი – დაჭრილი.
სამინისტრომ გაავრცელა სატელეფონო საუბრების დაახლოებით 12-წუთი, რომელიც შეიცავს არაერთ ადამიანს შორის სხვადასხვა დროს გამართულ სხვადასხვა საუბარს.
ერთ-ერთ ეპიზოდში, – რომლის ჩაწერის თარიღიც უცნობია, – პოლიციის თანახმად:
· პატიმრობაში, რუსთავის ციხეში მყოფი „კვერცხა“ (ინიციალებია ლევან მ.) – პატიმრობაშია 2025 წლის მარტიდან და ბრალად ედება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) მესამე პირის, გ.კ.-ის საშუალებით უკავშირდება „კანონიერ ქურდს“, კაკო ტუღუშს, მეტსახელად „ენცოს“.
· ამ ჩანაწერების თანახმად, „კანონიერი ქურდი“ „ენცო“ „კვერცხას“ ეუბნება, რომ „დიდი მიქაძე, პატარა მიქაძე და ჯოხაძე არიან ბოზ*ები“, რომ ციხეში უნდა გაიგონ, რომ მათ მხარი არ უნდა დაუჭირონ:
· „ამგენს ვინც გვერდში დაუდგება, იგიც მაგნაირი ბო*ი იქნება“… „მთავარია, „პა ხატუ“ გაატარე ქურდების სახელით „პრაგონი“ [ერთგვარი გზავნილი]. ხაზი გაუსვი, ვინც მაგენის გვერდში დადგება, იგენიც ავტომატურად ბოზ**ი არიან“, – იმეორებს „ენცო“.
· „კვერცხა“ პასუხობს, რომ მას და ბადუკა ნათობაძეს „ვიღაცები“ აგინებდნენ, რაზეც „ენცო“ ეუბნება, რომ ეს ინფორმაცია იცის და სწორედ ამაზე აქვს რეაგირება.
ჩანაწერის შემდეგ ეპიზოდში საუბრობენ „კვერცხა“ და ვინმე გ.რ. ამ საუბრის თანახმად, „კვერცხა“ ამბობს, რომ მიქაძეს აგინებდნენ, თუმცა ის „ემალებოდა“; იყენებს შეურაცხმყოფელ სიტყვას, „ქათამს“.
კიდევ ერთ ჩანაწერში გ.რ. და დ.კ. საუბრობენ. გ.რ. ამბობს: „ბიჭო, „კაროჩე“, გადააცვეს თავზე, რა. შენ კამერაში ჰყავთ ის, უფროსი და, „კაროჩე“, რო მიიყვანეს, ბადრიმ, შე ყ*ე ბავშვოო, ბიჭო, და დაუწყია და შევ**ე და შევ**ეო… ქათამი ხარ შენი [დაპატიმრებული იყო „აგენტების კანონის“ დემონსტრაციებისას „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით] დედა მოვ**ან, „აბაროტი“ მომეციო“.
ჩანაწერები შსს-ის გავრცელებულ მასალაში ერთმანეთსაა გადაბმული და თარიღებული მითითებული არ არის.
„კვერცხა“ ასევე ურეკავს ვინმე ნ.ნ.-ს – სავარაუდოდ, ნოდარ ნიშნიანიძეს და ეუბნება:
· „ნოდო, რაც ჩააგდე, ყველაფერი მოვისმინე, ძმაო. ოდიშარიასაც ავძახე, იტალიელმა გახსენა-მეთქი, რომ იცოდე-მეთქი და დანარჩენი, აგერ ველოდებით-მეთქი, მაინტერესებს, რას იზამ-მეთქი“.
· „ბოლომდე „დავუბაითეთ“, ძმაო, გაუტარეთ ყველგან „პრაგონები“, რომ ბოზ**ი არიან“, – პასუხობს ის.
სავარაუდოდ, ნიშნიანიძე ასევე ამბობს, რომ „ვოისი“, რაც ბადუკა ნათენაძემ მას ჩაუგდო, გაუგზავნა „დიდ ძმებს იტალიაში“:
„მე, კაროჩე, პირველი ვოისი რაც ჩამიწერა ბადუკამ, ორწუთნახევრიანი, პირდაპირ გადავუგდე დიდ ძმებს იტალიაში, ხო ხვდები. ეგრევე გადავუგდე, მეთქი, ეგრევე ტრ**ში ჩააგდეს მეთქი, მაგრა გაუსწორდა, გაიგე? ეგრევე გადმომირეკა“.
ერთ-ერთ სხვა ჩანაწერში ორი სხვა ადამიანი – ვინმე მ.ჯ. და თ.ო. – საუბრისას ამბობენ, რომ „ტარიელა და ჯანგველაძე ერთად არიან ახლა“ – სავარაუდოდ, იგულიხმებიან „კანონიერი ქურდები“, ტარიელ ონიანი და მერაბ ჯანგველაძე.
კიდევ უფრო ადრე, – აგვისტოს ბოლოს, – სოციალურ ქსელებში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, – სავარაუდოდ, „ვოისი“, – სადაც სავარაუდოდ ბადრი ნათობაძე მიმართავს „ნოდოს“ – სავარაუდოდ, ნოდარ ნიშნიანიძეს და უყვება, როგორ აგინებს [შორიდან, თავისი საკნიდან] საპატიმროში ახლადგადმოყვანილ გიორგი მიქაძეს, რომელიც პასუხად არაფერს ამბობს.
„მათ წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადეს“ – ადვოკატი
მიქაძეების ადვოკატი ვალერი გელბახიანია ასევე აცხადებს, რომ შსს-ის გავრცელებული ჩანაწერებიდან ვიგებთ:
„იმავე ციხეში, თურმე, დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებს ხელში უკავიათ ტელეფონები, საუბრობენ საზღვარგარეთ, საქართველოშიც, „ქურდულ სამყაროსთან“ აქვთ სისტემატური მიმოწერები, თუ როგორ უნდა შეავიწროონ და შეზღუდონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, ან სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან პატიმარს“.
„ამ დროს არაფერს აკეთებს საპატიმრო დაწესებულება. ჩანაწერებში, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა – „ქურდების“ საუბარია, მიქაძეებს აგინებენ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებენ და მათ მიმართ, როგორც მტრების მიმართ ბრძოლა გამოაცხადეს.ამას თურმე, ციხის ადმინისტრაცია აკონტროლებს და ელოდება შედეგი როდის დადგება“, – უთხრა გელბახიანმა ჟურნალისტებს სასამართლოსთან.
· ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში მოწმები სავარაუდო ორგანიზატორად/დამკვეთად ასახელებენ რუსეთსი მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილს, ირაკლი უსოიანსა და ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს;
· არცერთი მათგანისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
· 24 ოქტომბერს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, რომ საქმეში ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარშემო „ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებია მოპოვებული“, – თუმცა რა, ჯერჯერობით არ განუმარტავს.
მანამდე ფარცხალაძის ქონება გაჩხრიკეს – თუმცა სხვა, მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუფციის საქმის ფარგლებში.
-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობაში დეტექტივის მიერ მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორად დასახელებული ოთარ ფარცხალაძის მეგობრის, მიხეილ ჩოხელის, ასევე ჩოხელის ოჯახის წევრის საბანკო სეიფებიდან 2,9 მილიონი დოლარი „ამოიღეს“.