ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბიზნესმენ დავით მელიქიძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ძმებს პატიმრობა მიუსაჯა. შოთა და დავით ბაღდოშვილები ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებიან, მათ წითელი ცირკულარით ეძებენ.
როგორც რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” წერს, მოსამართლე მაია ჯავახიშვილის გადაწყვეტილებით, შოთა ბაღდოშვილის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, დავით ბაღდოშვილს კი 17 წლით. ძმების ადვოკატი კახა ლეკიშვილი, გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
ბრალდებული ძმების სასამართლო პროცესი დაახლოებით სამი წელი მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ბიზნესმენი 2021 წლის 23 აპრილს აბასთუმნის ტყეში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მისი თანამშრომელი, სოსო ვარდიძე კი დაჭრეს.
ფოტო: “სამხრეთის კარიბჭე”