ბიზნესმენი ძმები ხარებავები სურამში 97 224 კვ.მ.-ზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სურამში, კონკრეტულად ჩუმათელეთში შპს „პარკ ჰოტელს“ მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსისთვის განკუთვნილი ნაკვეთების განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა.
გეგმის მიხედვით, საუბარია 97 224 კვ.მ ფართზე, სადაც განთავსდება სასტუმრო, აპარტოტელები, კოტეჯები, კემპინგი, სპორტული და სარეკრეაციო ზონები.
გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, სასტუმრო და აპარტოტელები უნდა იყოს 4 ან 3+1 სართული, სასტუმროს კოტეჯი და სარეკრეაციო სივრცის ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობა კი 1-სართულიანი.
„პარკ ჰოტელმა“, რომელიც ბორჯომსა და წყალტუბოში სასტუმროებს ფლობს, დაბა სურამში არანაკლებ 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 2027 წლის თებერვლამდე უნდა დაასრულოს, რისთვისაც არანაკლებ 3 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა, რომლითაც „პარკ ჰოტელისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილებები შევიდა, რომელიც კომპანიას ავალდებულებდა ამ ტერიტორიაზე სასტუმრო 2024 წლის 23 თებერვლამდე აეშენებინა.
შესაბამისი განკარგულებით, მთავრობამ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების დრო გაუხანგრძლივა, რისთვისაც „პარკ ჰოტელმა“ ცვლილებების ხელშეკრულების გაფორმებამდე 42 241 ლარი უნდა გადაიხადოს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „პარკ ჰოტელის“ 100%-იან წილს მარიკა უგრეხელიძე ფლობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარიკა უგრეხელიძე ბიზნესმენ თენგიზ ხარებავას მეუღლეა, რომელიც კომპანია „ხარებას“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, თავის ძმასთან ერთად. კომპანია „პარკ ჰოტელი“ კი ბორჯომში სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი რიზორთ & სპას“ და იმერეთში სასტუმრო „წყალტუბო პლაზას“ მართავს.