ბიზნესმენი კობა ღურწკაია ე.წ. დეზერტირების ბაზრობის ადგილას სავაჭრო ცენტრ GALLERY ARENA-ს ააშენებს – პროექტის ახალი დეტალები

თბილისში დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა არის დაგეგმილი. მერიის არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვაზე თანხმობა მფლობელმა კომპანიამ 2024 წელს უკვე მიიღო.
არქიტექტურული სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს შეთანხმებულ პროექტში ცვლილებები შევიდა, რომელიც ფასადის გარდა, სართულების რაოდენობის და განაშენიანების ფართობის ცვლილებას გულისხმობს. შენობა 21.2 მეტრის იქნება და მასში სამი სართული განთავსდება. განაშენიანების საერთო ფართობი კი 37247.6 კვადრატულ მეტრს შეადგენს. გარდა ამისა შეიცვალა, მშენებლობის ნებართვის ვადებიც და ის ერთი წლით, 2027 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა.
„პროექტი შეთანხმებულია 07/06/2023 წ. მშენებლობის ნებართვა გაიცა 27/05/2024-ში, რომლის მიხედვითაც შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №6754439 ბრძანებაში, კერძოდ „ნებართვა ძალაშია 2026 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით“ შეიცვალოს „ნებართვა ძალაშია 2024 წლის 27 მაისიდან 2027 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით“.
საპროექტო ობიექტი სამსართულიანია და დაყოფილია 3 დამოუკიდებელ ბლოკად. ინტერიერში გათვალისწინებულია კომერციული ფართების მოწყობა. ასევე შენობას შუა ნაწილში გააჩნია ატრიუმი“, – წერია განმარტებით ბარათში.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია გასული წლის ნოემბერში, მშენებლობის ნებართვის აღებიდან რამდენიმე დღეში ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „თბილისი მოლმა“ შპს „გალერეა არენას“ გადასცა.
რეესტრის ინფორმაციით, შპს „თბილისი მოლი“-ში პარტნიორების წილობრივი გადანაწილება ასეთია: კონსტანტინე ნატროშვილი- 20%; ხვიჩა მაქაცარია – 26%; ილონა მეტრეველი, (საქართველო, /ს ფედერაცია) – 10%; წილებით შეზღუდული კერძო კომპანია ჰოლდექს ინტერსეილს კორპ., (ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) – 44%. კომპანიის დირექტორი კი შალვა წაქაძეა.
რაც შეეხება ტერიტორიის ახალ მფლობელს შპს „გალერეა არენას“, მისი დირექტორი და 82% წილის მფლობელი საქართველო-ს ორმაგი მოქალაქე კობა ღურწკაიაა, ხოლო 18%-ს დავით ჩიტაია ფლობს.
თავის მხრივ კობა ღურწკაია ჰოლდინგ CBS Group-ის აღმასრულებელი დირექტორია, ხვიჩა მაქაცარია კი კომპანიის დამფუძნებელი. CBS Group ფლობს ისეთ კომპანიებს საქართველოში როგორიცაა, „თელასი“, „თელმიკო“, „სელფი მობაილი“, „ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“, საქართველოს ეროვნული ლატარია, სარეკლამო კომპანია „ელეფანტი“, ფარმაცევტული კომპანია CBS Pharma, „თბილისის მიკროავტობუსი“, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „მარნაველი“ და სხვა.