ბიზნესმენი რუსთაველის გამზირზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას იწყებს

თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო მოეწყობა. შენობის მესაკუთრემ, ბიზნესმენმა თამაზ გაიაშვილმა ადგილზე სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო, ამ ეტაპზე კი ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს.
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა პროექტის სამშენებლო ნებართვა გასულ წელს გასცა.
არქიტექტურის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის ს მფლობელობაში მყოფმა კომპანია „მარილი 2020“, რუსთაველის 12-ში 3493 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე, 11 სართულიანი (3 სართული მიწისქვეშ), 201 ნომრიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს, რომლის საინვესტიციო ღირებულება, ბოლო ინფორმაციით 80 მლნ დოლარია.
ესკიზის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ შენობაში სასტუმროს გარდა განთავსდება კაზინო, კაფე-ბარი და აუზი. თუმცა რამდენიმე თვის წინ, მედიასთან საუბარში ბიზნესმენმა განმარტა, რომ ტერიტორიაზე კაზინოს გახსნა აღარ იგეგმება.
„რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით შენარჩუნდება არსებული პორტალის (რუსთაველის მხრიდან შესასვლელი) ფრაგმენტი და აღდგება შენობის ისტორიული სახე რაც ითვალისწინებს ლესია უკრაინკის მხარეს მიშენებას. მთლიანობაში შენობა შეკრავს კვარდატულ ფორმას ხოლო შუაგულში წრიული ფორმის ეზო მოეწყობა.
საპროექტო (რეკონსტრუქციის) დოკუმენტაციის მიხედვით შენობა წარმოადგენს 11 სართულიან ნაგებობას, რომელიც რელიეფის თავისებურებიდან გამომდინარე შედგება 8 მიწის ზედა და 3 მიწისქვეშა სართულებისგან.
მიწისქვეშა სართულზე დაგეგმარებულია შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟი გათვლილი 32 ავტოსადგომ ადგილზე, ასევე მოწყობილია სასაწყობო ოთახები. საპროექტო შენობის -6.84 ნიშნულზე დაგეგმარებულია შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟი გათვლილი 30 ავტოსადგომ ადგილზე.
შენობის -3.60 ნიშნულზე მდებარე მიწისქვეშა სართულზე მოეწყობა კაზინოს სივრცეები, კერძოდ: კაზინოს დარბაზი და ბარი, კაზინოს ადმინისტრაცია, საოფისე ოთახი და პერსონალის ოთახი, ასევე აღნიშნულ სართულზე დაგეგმარდება სასაწყობო ოთახები და სახანძრო ტუმბოს ოთახი.
საპროექტო შენობის მიწისპირა სართულზე (0.00 ნიშნული) განთავსდება საოფისე ოთახები და ინვენტარის სასაწყობო ოთახი, ასევე დაგეგმარდება სავაჭრო ფართობი დამხმარე საწყობით.
საერთო ჯამში შენობაში განთავსდება 201 სასტუმროს ნომერი.
საპროექტო შენობის +26.10 ნიშნულზე დაგეგმარებულია კაფე, სამზარეულო და კაფის მომსახურე ტერასები, ასევე ფიტნეს დარბაზი და შენობის მომსახურე სასაწყობო-ტექნიკური დანიშნულების ოთახები, ხოლო შენობის სახურავზე (+28.44 ნიშნული) მოეწყობა დამატებითი ტერასა და საცურაო აუზი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.