„გაუგონარი რამ მოვისმინე ერთ-ერთი პოლიტიკოსისგან, ბიზნესმენები პოლიტიკაში ნუ ერევიანო… რას ჰქვია ნუ ვერევით?! კონკრეტულ მოვლენაზე ჩემი აზრი არ მქონდეს?!“,- ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „არსის“ დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ გააცხადა.
მისი თქმით, დღეს საქმე არა მორევაზე, არამედ მოლაპარაკებაზეა და არ შეიძლება როდესაც ქვეყნის მოქალაქეები რაღაცას აპროტესტებენ, ისინი აბუჩად აიგდო.
„გაუგონარი რამ მოვისმინე ერთ-ერთი პოლიტიკოსისგან, ბიზნესმენები პოლიტიკაში ნუ ერევიანო… რას ჰქვია ნუ ვერევით?! კონკრეტულ მოვლენაზე ჩემი აზრი არ მქონდეს?! გუშინ მქონდა ჩემს კომპანიაში რაღაც პერიოდის შეჯამება და ათ მილიონ ლარზე მეტი მაქვს ბიუჯეტში გადახდილი. ე.ი, მე, ადამიანს, რომელიც საქართველოს ბიუჯეტში ვიხდი 10-15 მლნ ლარს წელიწადში, ჩემი აზრი არ უნდა მქონდეს?! რადგან მე ვიღაცამ სადღაც სიაში არ ჩამწერა… რაღაც რომ მომწონს ან არ მომწონს, არ უნდა ვთქვა?! ასეთი დამოკიდებულება აქვთ.
მე ვიყავი სახელმწიფო სამსახურში, საკმაოდ ისეთი [მნიშვნელოვანი] თანამდებობები მეკავა, დაახლოებით 20 წლის წინ, სიმართლე გითხრათ, შემეძლო და მქონდა კიდეც შეთავაზებები, გინდაც პარლამენტში ყოფნის და ა.შ. მაგრამ ჩავთვალე, რომ ჩემი სპეციალობით მუშაობა მირჩევნია და უარი არ მითქვამს ქვეყნის მოქალაქეობაზე, უარი არ მითქვამს ამ ქვეყანას ვემსახურო. ბოლო წლების განმავლობაში თითქმის, 200 მლნ ლარი მაქვს ბიუჯეტში გადახდილი. მე ვფიქრობ, რაც შემიძლია იმას ვაკეთებ და ვავსებ ქვეყნის ბიუჯეტს, ეს არის ბიზნესმენის როლი. შესაბამისად, მორევაზე არ არის საქმე, რომ მოვერიოთ, მერე რა?! ვის მოვერიოთ?! აქ საუბარია იმაზე, რომ რაღაცაზე უნდა მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ.
გუშინ სოციალურ ქსელებში იწერებოდა, საშუალო მაჩვენებლით რამდენი ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული, რომელმაც ამ აქციაში [საყოველთაო გაფიცვაში] მიიღო მონაწილეობა, სხვადასხვა რიცხვს ასახელებდნენ, ამ დროს, ვიღაც წერს „პერეკური“ მოაწყვეს… არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება. რა, შენი თანამოქალაქე რომ არის და გინდაც 300 000 კაცი, რომელიც რაღაცას მოითხოვს, შეიძლება ის აბუჩად აიგდო?!“- განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე 50-ე დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, “ქართული ოცნების” გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.
ამასთან, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა გუშინ, 15 იანვარს 15:00-დან 18:00 საათამდე საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი იყო, ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.