“ბიზნესმენებისთვის მორალის წამკითხველად არ გამოვდგები, მაგრამ”… – თინათინ რუხაძე

„თუ არ მოხდება ის, რისთვისაც ვიბრძვით, მაშინ აბსოლუტურად ყველაფერი აზრს კარგავს – უკან საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით“, – ეს განცხადება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას თინათინ რუხაძემ, საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანდამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ACT იმ 2400-ზე მეტ ორგანიზაციას შორისაა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზა ახალი და პატიმრების გათავისუფლებაა, ამიტომაც freebusiness.ge-ზე დარეგისტრირდნენ.
„მათი კონსულტანტი რომ იყოთ, რას ურჩევდით იმ ბიზნესმენებს, იმ კომპანიების მენეჯერებს, რომელთაც ამ დრომდე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ?“ – ჰკითხა წამყვანმა თინათინ რუხაძეს.
“ვარ კიდეც [მათი კონსულტანტი]… ამ სიტუაციაში, არ გამოვდგები მორალის წამკითხველად ან მრჩევლად, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის ყველა ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება – დადგება თუ არა იქ [რუსთაველზე] და გამოხატავს თუ არა საკუთარ პოზიციას. მიმაჩნია, რომ თუ არ მოხდება ის, რისთვისაც ვიბრძვით, მაშინ ჩემი შეფასებით, აბსოლუტურად ყველაფერი აზრს კარგავს – უკან საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით.
ძალიან რთულია მოწოდებით გამოვიდე და ბიზნესებს მივმართო – დადექით!.. ამაზე მეტი ნიშანი რა უნდა იყოს?! ახლა უკვე მართლა გამბედაობის და შენი მორალური ფასეულობების თემაა… ვფიქრობ, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს?! მეორე მხრივ, ბიზნესი ყველაზე რთულ მდგომარეობაშია – იხდის გადასახადებს, კვებავს სახელმწიფოს, ის ქმნის სამუშაო ადგილებს, რომლითაც ოჯახები იკვებებიან. შესაბამისად, ბიზნესის გაჩერება და პრობლემების შექმნა დიდი გამოწვევაა არა მარტო ბიზნესის მეპატრონისთვის და უმრავლესობა, მგონია, რომ მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე არ ფიქრობს [წარმატებულ ბიზნესმენებს თავი ფინანსურადაც გადაზღვეული აქვთ], აქ საუბარია იმაზე, რომ მთელი 20-30 წლის მონაპოვარი შეიძლება გაქრეს და ადამიანების, თანამშრომლების კეთილდღეობის საკითხი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს;
თუმცა ჩვენ ახლა არ წავედით წინ, არ გავაუმჯობესეთ ჩვენი პოლიტიკური გარემო და არ მოვიპოვეთ ახალი არჩევნები, რომელიც დააწყნარებს სიტუაციას, ეს რისკები მაინც დადგება. როგორ წარმოგიდგენიათ, გაღარიბებული მომხმარებელი რას გააკეთებს?! ვერ წარმომიდგენია, კრედიტები რომ გაუძვირდებათ და გადახდა გაუჭირდებათ, ის თანამშრომლები დარჩებიან საქართველოში?!”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.