“ბიზნესმა უნდა იცოდეს სად მიდის განვითარება, რა სფეროებში გავაკეთოთ ინვესტირება”- რა საკითხებზე იმსჯელა ბიზნესმა ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრთან

ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხედვა და პოლიტიკა გააცნო. მან ასევე, გაუზიარა ინფორმაცია იმ ხარვეზების შესახებ, რაც სხვადასხვა ობიექტების მონახულებისას გამოიკვეთა.

Tesen Group, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ ბიზნესმა ძირითადი კითხვები დამკვეთების მხრიდან არსებულ მოთხოვნებზე დასვა. მისი თქმით, დღეს არსებული საკონტრაქტო ურთიერთობა დამკვეთსა და ბიზნესს შორის, ასევე კონტროლი და მოთხოვნილი პროდუქციის ხარისხი გადასახედია. გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პროცესში გრძელვადიანი ხედვა იქნება. იმისთვის, რომ ბიზნესმა იცოდეს საით მიდის განვითარება და რაზე გააკეთოს აქცენტი. თავართქილაძე ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელია 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება.

“ჩვენი მხრიდან კითხვები დაისვა, რაზეც სწორი რეაგირება იყო და სწორადაც იყო გაგებული ჩვენი პოზიცია. ჩვენი როგორც კონტრაქტუალური ურთიერთობა გადასახედია, ჩვენი ნორმატიული და ტექნოლოგიური კონტროლი და პროდუქციის ხარისხიც გადასახედია. რასაც ითხოვ, რეალურად იმ პროდუქტს იღებ. მზად ვართ, ახალი მოთხოვნები გავიზიაროთ, ახალი მინისტრის ხედვები და პოლიტიკა და ისიც დავინახეთ, რომ სამინისტროც მზად არის, ის შეხების წერტილი არსებობდეს სადაც მშენებელი და დამკვეთი ერთ პარალელზე ივლიან და განავითარებენ სექტორს.

ჩვენ ახლა რამდენიმე პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი, პირველი, ვფიქრობ არსებული პროექტების ვადებში და ხარისხში გაუმჯობესება, მისი დასრულება და სამომავლო ხედვები, რაც 10-წლიანი სტრატეგიის შემუშავების გარეშე რთული იქნება. ბიზნესმა უნდა იცოდეს სად მიდის განვითარება, როგორ ვვითარდებით, რა სფეროებში გავაკეთოთ ინვესტირება, რა პროდუქტებზე გავაკეთოთ აქცენტი. რეალურად დამკვეთის მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ჩვენ შევქმნათ მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების წინაპირობა, იგივე კადრების იგივე ახალი საწარმოების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით,”-აცხადებს Tesen Group, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავართქილაძე.