“ბიზნესი ₾500-ით დავიწყეთ და წელიწადში უკვე ₾90 000-მდე ბრუნვა გვაქვს” – “ლოლი პოპ კარამელსი”

„ბიზნესი 5 წლის წინ, დაახლოებით 500 ლარით დავიწყეთ და წელიწადში უკვე 90 000 ლარამდე ბრუნვა გვაქვს“, – ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია „ლოლი პოპ კარამელსის“ დამფუძნებელმა, ლიდა სარქისიანმა ისაუბრა.
„ლოლი პოპ კარამელი“ ხელნაკეთი საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ხუთი წელია ოპერირებს. კომპანია პროდუქციას როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, თბილისში გახსნილ მაღაზიაში, სახელწოდებით „ლოლი პოპ კარამელსი“ ყიდის. ჯამში, კომპანია 7 ადამიანს ასაქმებს.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა გასულ წლებთან შედარებით იმდენად არის გაზრდილი, რომ მომავალ წელს, მეორე მაღაზიის გახსნაც იგეგმება. ამისთვის, მან დაახლოებით 30 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
„თბილისში, ვაკეში გვაქვს მაღაზია, სახელად „ლოლი პოპ კარამელსი“ , სადაც ჩვენი პროდუქცია იყიდება. ასევე, ვყიდით ონლაინაც. მოთხოვნა გასულ წლებთან შედარებით ძალიან გაზრდილია. შესაბამისად, მომავალი წლისთვის ახალი ობიექტის გახსნას ვგეგმავთ, სავარაუდოდ, ისევ ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. ამისათვის დაახლოებით 30 000 ლარის ინვესტიცია დაგვჭირდება.
მალე „ჰელოუინის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს, რისთვისაც წინასწარი კორპორაციული შეკვეთები უკვე გვაქვს. დაახლოებით 70%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ, მაგრამ სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება. პროდუქციის ფასები 1.50 ლარიდან იწყება და 15 ლარამდე მერყეობს. ნედლეულს კი ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ“,- აცხადებს სარქისიანი.

ასევე დაგაინტერესებთ