ბიზნესი ძალიან შეშფოთებულია იმ რისკებით, რაც შეიძლება მოჰყვეს შექმნილ რეალობას – ინტერვიუ

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ციკოლიას შეფასებით, ბიზნესი ძალიან შეშფოთებული იმ იმ რისკებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ქვეყანაში შექმნილ რეალობას. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
ინფორმაციისთვის: „ლინეატი” პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, 2022-2023 წლებში 25 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოიტანა ქვეყანაში და მხოლოდ საქართველოს ოფისი 100-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
“მე არ შემხვედრია ვინმე [-ში], ვისაც სურს, უარი თქვას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაზე” – გიორგი ციკოლია
გიორგი ციკოლიას თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია ყველა, ვისაც ჩვენს ქვეყანასთან საქმიანი ურთიერთობა აქვს, რადგან არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე.
– გიორგი, დეკემბერში თქვენ იყავით შეერთებულ შტატებში და ბუნებრივია, გექნებოდათ შეხვედრები ამერიკელ პარტნიორებთან. ვინ ჩადებს ფულს ასეთ საქართველოში – რა განწყობაზე არის „ლინეატის“ მენეჯმენტი?
– კერძო სექტორი, ვისაც საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა აქვს, ძალიან შეშფოთებულია. [ინვესტორები] შეშფოთებული არიან იმით, თუ რა რისკები მოჰყვება ქვეყანაში იმ რეალობას, რომელიც დღეს არსებობს – რა რისკები მოჰყვება მათი ბიზნესისთვის, რა რისკების წინაშე დგება ის საქმიანობა, რომელიც ქართველ პარტნიორებთან გააჩნიათ. IT ინდუსტრია, რომელიც 2019 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა საქართველოში, დღეს 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას მოიცავს და მათი დიდი ნაწილი ამერიკული კომპანიებია. ინდუსტრია დღეს ჯამში 12 000-მდე ადამიანს ასაქმებს, რომელთა საშუალო ხელფასი 5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში არსებული საშუალო შემოსავალი. IT სექტორის წილი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკაში და აქაც ლომის წილი აშშ-ზე მოდის. ამდენად, ამ ერთი ინდუსტრიის მაგალითზეც კარგად ჩანს, რომ განვითარების შენელება ან უკუსვლა ან რეპუტაციული ზიანი გამოიწვევს შეფერხება და დიდი ხანი დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივიდეთ იქ, სადაც დღეს ვართ… მე მესმის, რომ ქართველებს გვახასიათებს და მათ შორის მეც მგონია, საქართველოს ირგვლივ ტრიალებს ბევრი რამ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასე არ არის. ჩვენ, ბიზნესს დღე და ღამე გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დამატებითი ყურადღება მივიპყროთ.
– ამ ვითარებაში, Lineate-ის ამერიკელ ინვესტორებს რა გეგმები აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით?
– ყველა ფიქრობს, რომ თუ პროცესები ისე გაგრძელდა, როგორც დღეს არის, როგორ დაიცვან საკუთარი ბიზნესი…
– დაცვაში გულისხმობენ ქვეყნიდან გასვლას?
– გასვლა ყოველთვის არის ყველაზე რთული და ბოლო პროცესი… ინვესტორის შემოსვლაც ბევრ დროსთან და ინვესტიციასთან არის დაკავშირებული. გასვლა ყოველთვის ბოლო ნაბიჯია; დღეს აღნიშნულ ეტაპზე არ ვართ…
– თუმცა დიდ გეგმებსაც არ სახავთ საქართველოში 2025 წლისთვის?
– [დიახ] და არა მარტო ჩვენს ინდუსტრიაში. შეუძლებელია, ნებისმიერმა ბიზნესმა, მათ შორის ქართულმა ბიზნესმა გრძელვადიანად დაგეგმოს საკუთარი საქმის განვითარება და ჩათვალოს, რომ შეუძლია, რაღაც საქმეში თანხა ჩადოს და იფიქროს, რომ 5-6 წელიწადში შედეგს მიიღებს, როცა არაა დარწმუნებული, როგორი იქნება ხვალინდელი დღე.