ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე
სოციოლოგ პაატა აროშიძის განცხადებით, ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოში ძირითადი მოტივაცია არის ანაზღაურება და კერძო სექტორის მიერ გაზრდილი ხელფასი საკმარისი არ არის.
„ძირითადი პრობლემა არსებობს კერძო სექტორში, რადგან ბიზნესს მოქმედებისთვის და განვითარებისთვის სჭირდება პროფესიონალი კადრები, მაგრამ ახალგაზრდას ურჩევნია, რომ დასაქმდეს არა მისი პროფილის სამუშაოზე, არამედ მაღალ ანაზღაურებად პოზიციაზე. ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოში ძირითადი მოტივაცია არის ანაზღაურება.
გასაგებია, რომ ბიზნესმა რაღაც პერიოდის განმავლობაში ანაზღაურება გაზარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, განსაკუთრებით კი მათთვის ვინც აქტიურ სამუშაო ძალას წარმოადგენს – აქ მოიაზრება 18-დან 55-წლამდე ადამიანები. კონკრეტულად ახალგაზრდებისთვის ანაზღაურების გარდა, მთავარია სწავლაში ხელშეწყობა, კარიერული წინსვლა და სწორედ ამას ვერ ხედავენ და ამიტომ უჭირავთ უცხოეთისკენ თვალი, რადგანაც ფიქრობენ, რომ ემიგრაციაში ფინანსური თვალსაზრისით მაინც გაიუმჯობესებენ მდგომარეობას.
ასე რომ, აქ ოქროს შუალედი ან სახელმწიფო მითითება ვერ იარსებებს. ბევრი საუბარი იყო მინიმალური ხელფასის დაწესებასა და სხვადასხვა სტანდარტებზე, მაგრამ როდესაც სახელმწიფო მარეგულირებლის როლში აძლიერებს თავის პოზიციებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იქვე წარმოიშობა ჩრდილოვანი ეკონომიკა. ბიზნესი თავადვე უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ, საბოლოო ჯამში, საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება.
საქართველოში, ძირითადად, გავრცელებულია ვაჭრობის და მომსახურების სფერო. ცნობილი ისიც, რომ ეს ორი მიმართულება გამოირჩევა კადრების ხშირი დენადობით. ახალგაზრდა მიდის ვაჭრობის სფეროში, იწყებს მუშაობას, გარკვეულ გამოცდილებას იძენს და შემდეგ ტოვებს ადგილს, რადგან იქ განვითარებას და კარიერულ წინსვლას ვეღარ ხედავს. ესეც გარკვეულ დეფიციტს ქმნის ბაზარზე.
ქართველი უცხოეთში შეიძლება წავიდეს მშენებლობაზე, მაგრამ აქ ხშირია უცხოელის დასაქმება იგივე მიმართულებით. მაგალითად, ბათუმში, როგორც სასაზღვრო ქალაქში, ბევრი თურქია დასაქმებული, ასევე ჩინელი და სხვა”, – განუცხადა „რეზონანსს” პაატა აროშიძემ.