ორი კვირის წინ მთავრობა ბიზნეს წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილა. ირაკლი კობახიძე ბიზნესს ქვეყანაში მშვიდობას დაპირდა, რისი იმედიც კერძო სექტორის დიდ ნაწილს ნამდვილად გააჩნია. ორი დღის წინ გამართული შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა და ამის შემდეგ მოლოდინია, რომ ყველაფერი კალაპოტში ჩადგება და კერძო სექტორის დიდი ნაწილი პროტესტს გამოეყოფა.
შეხვედრას 100-ზე მეტი ბიზნესმენი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.
„საუბარი შეეხო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვას და სამომავლო პრიორიტეტებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული გზის ერთგულია და ამაზე მეტყველებს ევროინტეგრაციის კუთხით დღემდე მიღწეული პროგრესი.
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისთვის აქტუალურ ყველა კითხვას უპასუხა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, დამატებით შეხვდეს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კერძო სექტორმა საკუთარი პოზიცია გამოხატა და გაირკვა, რომ მათ უმეტესობას მშვიდობისა და სტაბილურობის მოლოდინი აქვს. ბიზნესმენთა დიდი ნაწილის განცხადებით, გამოსავალია შეხების იმ წერტილის მოძებნა, რითაც დაპირისპირებული მხარეები პოზიციების დაახლოებას შეძლებენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ „იტონგ კავკასუს”-ის დირექტორმა, დიმიტრი ადამიამ განაცხადა, პრემიერმა ბიზნესი დაარწმუნა, რომ ევროინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი და სულ მალე ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება.
„პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი. სულ მალე, იანვარში მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასთან და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.
მივიღეთ პასუხები, რომ ყველაფერი მიდის სიტუაციის ნორმალიზებისკენ. გადატვირთვა მოხდება ძალიან მალე და ჩვენი გზა ევროპისკენ გაგრძელდება. რუსეთისკენ არავინ არ მიდის, არავის მიჰყავს ქვეყანა. ეს ყველაფერი გამოჩნდება საქმით და არა სიტყვებით. ყველაფერი არის ძალიან კარგად და მალე დარწმუნდებით”, – განაცხადა ბიზნესმენმა.
შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა „თეთრი კვადრატის” მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ. მას საერთოდ არ მიაჩნია, რომ დღეს ქვეყანას აქვს პრორუსული კურსი.
„საუბარი იყო იმ თემაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი არის ეკონომიკური აღმავლობა და სტაბილურობა, ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამას ალტერნატივა არა აქვს. მე არ მომისმენია არც ერთი ბიზნესმენისგან შეხვედრაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას რაიმე სხვა ალტერნატივა აქვს. მსგავსი რამ არ ყოფილა. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ მსოფლიოში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც სხვა აქტორებსაც, მართებთ გარკვეული სიფრთხილე და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნდა ვიაროთ ისე, რომ რაიმე ნაღმს არ დავადგათ ფეხი.
გამოსავალია დიალოგი, ლაპარაკი ერთმანეთთან, უნდა ვისწავლოთ, რომ განსხვავებული აზრი მივიღოთ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვცადოთ ერთმანეთთან საუბრით, რაღაც შეხების წერტილები ვიპოვოთ და ტემპერატურა დავწიოთ ქვეყანაში”, – განაცხადა ბურდილაძემ.
შეხვედრიდან გამოსული ყველა ბიზნესმენი თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია მშვიდობა, რადგან არეულობა არც ქვეყანას და არც კერძო სექტორს კარგს არაფერს არ მოუტანს, თუმცა კერძო სექტორის მცირე ნაწილი აქციებში მონაწილებას მაინც მიიღებს და არც გარკვეული სახის მოწოდებებს შეეშვება.
მთავრობისა და ბიზნესის შეხვედრა შეაფასეს ეკონომისტებმა. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ამბობს, ბიზნესის კითხვებს მთავრობამ შესაბამისი პასუხი გასცა.
„ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია უმნიშველოვანესია, რადგან ჩვენ თუ გვსურს ეკონომიკის განვითარება და მოქალაქეებისთვის პრობლემების თავიდან არიდება, ამისთვის მნიშვნელოვანია, ბიზნესმა სრულფასოვნად და გამართულად იმუშაოს. ამიტომაც ძალიან სწორი და კარგი იყო ეს შეხვედრა და იმედს მაქვს, თუკი რაიმე კითხვები კიდევ დარჩა, ისევ მოხდება შეხვედრა და ამაზე გაკეთდა კიდეც აქცენტი.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება ბიზნესის პოზიცია, ჩვენ ვხედავთ, რომ კერძო სექტორის ნაწილი არის ოპოზიციურად განწყობილი და განსხვავებული მოსაზრების მქონე, ვიდრე მთავრობა. მათმა მცირე ნაწილმა შექმნა გაკვეული პლატფორმა, მაგრამ მეორე მხარესაც არიან ბიზნესმენები და უფრო დიდი ნაწილი, რომლებიც მიჩნევენ, რომ, მიუხედავად პოლიტიკური პროცესებისა, აუცილებელია კერძო სექტორს საკუთარ საქმიანობაში ხელი არ შეეშალოს. სწორედ ამაზე კეთდება აქცენტი და გარკვევით საუბრობენ განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. იგივეს ვფიქრობ მეც.
ამ დიალოგის შემდეგ, გარკვეულ კითხვებზე, რაც არსებობდა ბიზნესის მხრიდან, პასუხები გასცა მთავრობამ. დარწმუნებული ვარ, გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ. რა თქმა უნდა, ისევ დარჩება ბიზნესის ნაწილი, რომელიც კვლავ მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს და დარჩება კერძო სექტორის ნაწილი, რომელიც მთავრობის მომხრე იქნება ან უბრალოდ იტყვის, რომ პოლიტიკური პროცესებისგან შორს დგას და მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარება.
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ შეიქმნა გარკვეული პლატფორმა, თუმცა იქ არ არის ბევრი ბიზნესი. ჯამურად თუ შევხედავთ, მსხვილი კომპანიების 1%-ია წარმოდგენილი, რაც ძალიან მცირე ნაწილია. ბუნებრივია, მათი ხმაც მნიშვნელოვანია და მთავრობა უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ არავითარი ხელის შეშლა არ უნდა მოხდეს ბიზნესის მოქმედებაში და მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა”, – ამბობს გიორგი კაპანაძე.
კიდევ ერთი ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე ფიქრობს, რომ შეხვედრის შემდეგ ბევრი ბიზნესმენი გადასინჯავს საკუთარ გადაწყვეტილებას, „რადგან უბრალოდ, სისულელეა უპერსპექტივო საქმისთვის საახალწლო გაწყობის გაფუჭება”.
„პირველ რიგში, ძალიან ძნელია ამ ყველაფერს გაფიცვა დაარქვა. გაფიცვა მე ვიცი სერიოზული, მასშტაბური, რომელიც დაქირავებულების დამქირავებლის წინააღმდეგ მოწყობილი ღონისძიებაა, ახლა ვის ეფიცებიან საკითხავია, მომხმარებლებს ეფიცება წარმოება? ეს ხომ აბსურდია. თანაც მასშტაბი ნამდვილად არ არის ისეთი, რომ დიდი რყევა გამოიწვიოს, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არ არის.
ძალიან კარგი იყო პრემიერის ინიციატივა – ბიზნესმენებთან შეხვედრა და საუბარი. რამდენადაც შთაბეჭდილება დამრჩა, 4-საათიანი დისკუსიის შემდეგ, მაინც და მაინც ამაღლებული საპროტესტო განწყობით არ გამოსულან ბიზესმენები.
ქვეყანაში მიმდინარე საპორტესო აქციები არის ქარიშხალი ჭიქაში. როგორც გითხარით, ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელიც დიდ რყევას და ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევს, მაგრამ უსიამოვნო გარემოს ნამდვილად ქმნის. დიდი კაპიტალდაბანდებების თვალსაზრისით, ეს აქციები ვერაფერს შეცვლის, რადგან მსხვილი ინვესტორები უფრო სიღრმისეულად სწავლობენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობს და ისინი ძალიან კარგად აფასებენ აქციების მასშტაბს და პოტენციალს. წვრილი ინვესტორები კი შესაძლოა, მართლაც დააფრთხოს. ამდენად, აქციები მანიშვნელოვან ეკონომიკურ რყევას ვერ გამოიწვევს, მაგრამ უსიამოვნების შექმნა შეუძლია და ქმნის კიდეც.
პრემიერსა და ბიზნესს შორის შეხვედრა ძალიან კარგია და მგონია, რომ ბევრი გადასინჯავს თავის გადაწყვეტილებას, რადგან, უბრალოდ, სისულელეა წინასაახალწლოდ განწყობის გაფუჭება, ამ უპერსპექტივო საქმედ არ ღირს”, – ამბობს ნოდარ კაპანაძე.
ცნობისთვის, “იფიცება საქართველო” – 15 იანვარს, 15 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა.
ეს იქნება დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ერთობლივი და საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვა, რაც გულისხმობს: “3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში:
• გაჩერებული ეკონომიკა;
• დაკეტილი ბიზნესი;
• სიღარიბე და უმუშევრობა.
საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა” – წერენ ორგანიზატორიები.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შეიქმნა პლატფორმა, სადაც მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის დააფიქსირა ქართული ბიზნესის ნაწილმა.
“არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას,” – წერია პეტიციაში, რომელსაც ამ ეტაპზე 2426 ხელმომწერი ჰყავს.
წყარო: რეზონანსი