კოლეჯ “სპექტრის” დირექტორი, მათე ტაკიძის განცხადებით, პროფესიული გადამზადების პროგრამაზე მომართვიანობა იმდენად დიდი იყო, რომ ყველა მიმართულებით კოლეჯს გასაუბრების კომპონენტის დამატება მოუწია. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგში “კვირა” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თბილისის მერიის პროგრამის “ისწავლე და დასაქმდი” ფარგლებში, პროფსასწავლებელში რეგისტრაცია კურსებზე რეგისტრაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. კოლეჯის დირექტორის ინფორმაციით, პროგრამით პროფესიული გადამზადების კურსი ასეულობით ადამიანმა უკვე გაიარა და წარმატებითაც დასაქმდა. მისი თქმით, დასაქმებულების მაჩვენებელი ჯამში ყველა მიმართულებით 80%-მდეა.
“მომართვიანობა პროგრამებზე იმდენად დიდი იყო, რომ მოგვიწია ძალიან დიდი კონკურსის ჩატარება და კონკურსში დამატებით გასაუბრების კომპონენტის დამატებაც. ვფიქრობთ, რომ საშემოდგომო მიღებაზე, რომელსაც კვლავ თბილისის მერიასთან ერთად ვგეგმავთ, გვექნება ანალოგიური მოთხოვნა, იმ მიმართულებებთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ იქნება ახალ პროგრამებთან მიმართებით დამატებული.
ერთი არის პროფესიული კოლეჯები და მათ მიერ ავტორიზებული პროგრამები და მეორე არის ბიზნესის ჩართულობა. ისინი ითხოვენ მოკლევადიან კურსებს. კონკრეტული მოდულების განხორციელებას. ადამიანების მომზადება-გადამზადებას და შემდეგ უკვე სტუდენტების მათივე ბიზნესებში ჩართულობას”, – ამბობს მათე ტაკიძე.
მისივე ცნობით, მომხმარებლებმა რომლებმაც პირველი ეტაპი ვერ გადალახეს, საშემოდგომო მიღებაზე მათი სურვილი გათვალისწინებული იქნება. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულება ბიზნესებთან შუამდგომლობასაც უზრუნველყოფს, რათა კურსდამთავრებულები მყისიერად დასაქმდნენ.
“ვფიქრობთ, მეტად გამრავალფეროვნებას და თბილისის მერიასთან ვიმსჯელებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ადგილები გამოვყოთ, რათა მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება, რომ პროგრამით ისარგებლოს”, – აცხადებს კოლეჯის დირექტორი.
გარდა ამისა, კოლეჯი “სპექტრი” აღდგომის შემდეგ საჩხერეში გეგმავს პროგრამაზე მიღების გამოცხადებას. ამასთან, ბაზრისა და რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით ახალი პროფესიების დანერგვაც იგეგმება.
