ბიზნესი პარკირების პრობლემებზე ჩივის, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მშენებლობა კი მერიისთვის პრიორიტეტული აღარ არის – პაატა ცაგარეიშვილი

რითეილ თუ ჰორეკა სექტორის პროდუქციით მომარაგება ზოგიერთ სადისტრიბუციო კომპანიას რამდენიმე ათეული ათასი ლარის ჯარიმის ხარჯზე უწევს. იმის გამო, რომ ქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოყოფილი ძალიან ცოტა ადგილია, უმეტესად მათ ტროტუარებზე ან ავტობუსის ზოლში გაჩერება უწევთ. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, სადისტრიბუციო მანქანებს აჯარიმებს როგორც საპატრულო პოლიცია, ისე ქალაქის მუნიციპალური ვიდეოკამერა. შედეგად ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში თვეში პარკირების ჯარიმა 10-დან 15 ათას ლარამდე აღწევს.
პარკირების ჯარიმების გამო ჩივის პურის სადისტრიბუციო ბიზნესიც. საპარკინგე ადგილების არარსებობის პირობებში ქვეყნის ორ ყველაზე მსხვილ პურის მწარმოებელ კომპანიას თვეში 20 ათას ლარზე მეტი ჯარიმა დაუგროვდა. როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ბიზნესი იძულებულია გაზრდილი ხარჯები პურის ფასში ასახონ.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ამ კონტექსტში იხსენებს თბილისის მეირიის დაპირებას მრავადონიანი პარკირების მოწყობაზე, რომელსაც წესით დედაქალაქში პარკირების პრობლემა უნდა მოეგვარებინა.
ორგანბიზაციის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მერიამ აქცენტი ზონალურ – საათობრივ და სტანდარტულ პარკირებაზე გადაიტა – “სითი პარკის” გასვლის შემდეგ, 2018 წწ – 2023 წწ თბილისში საპარკინგე ადგილების რაოდენობა შემცირდა 5263 ერთეულით – 16% ით, ხოლო 2018 – 2023 წწ პარკირების ჯარიმების რაოდენობა 7.3 ჯერ გაიზარდა;
მხოლოდ ერთ წელიწადში – 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 260% ით გაიზარდა პარკირების ჯარიმები.
პარკირების ჯარიმები 2018 წელს – 2.6 მლნ ლარი, 2023 წელს – 19 მლნ ლარით, 2024 წელს დამატებით 10% ით გაიზარდება ჯარიმების მოცულობა.
შესაძლებელი იყო თუ არა საპარკინგო ადილების მოწყობა?
2018 წელს მერიის ხედვა, დედაქალაქში დინამიურად მზარდი სატრანსპორტო საშუალებების პრობლემის გადასაჭრელად, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მშენებლობას ემყარობოდა. თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანია PWC-ის კონსულტირებით, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეირჩა: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილთან, ფილარმონიასთან, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან გეგეშიძის ბაღთან.
თბილისის მერის განცხადება მიწისქვეშა პარკინგების მოწესრიგების აუცილებლობის შესახებ, მოგვიანებით, 2019 წელს, შეივალა საპირისპირო განცხადენით: „მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მშენებლობა მერიისთვის პრიორიტეტული აღარ არის“.
2022 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ქ მა მ. ბითაძემ – განაცხადა – „თბილისში მიწისქვეშა მრავალსართულიანი პარკირების მოწყობა ჰიდროლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა, ხოლო მიწისზედა მრავალდონიანი პარკირების მოსაწყობად დედაქალაქში ადგილი აღარ არის“. რითაც, ფაქტობრივად, წერტილი დაესვა თბილისში მრავალდონიანი პარკინგების განვითარების პერსპექტივას.”
აქედან გამომდინარე, საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი, ასკვნის: მრავალდონიანი საპარკინგე სივრცეების განვითარება – მერიამ, დედაქალაქის მასშტაბით, თავდაპირველად პრიორიტეტულად მიჩნეული, მრავალდონიანი პარკინგის 10 ლოკაციის პროექტის განხორციელება ვერ უზრუნველყო, მოგვიანებით მერიამ, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მშენებლობა პრიორიტეტულად აღარ მიიჩნია. რითაც, ფაქტიურად, წერტილი დაესვა თბილისში მრავალდონიანი პარკინგების განვითარების პერსპექტივას.