ბიზნესი ელოდება, რომ მთავრობა სისტემური მუხრუჭის მოხსნაზე იმოქმედებს, რათა კერძო სექტორმა შეუფერხებლად გააგრძელოს საქმიანობა – ოლეგ ოსინოვსკი (BMG)

ესტონელი ბიზნესმენი და Skinest Rail-ის დამფუძნებელი, ოლეგ ოსინოვსკი, საქართველოში მიმდინარე ანტიკორუფციული ღონისძიებების ბიზნესზე გავლენაზე საუბრისას აცხადებს, რომ პროცესმა დაბალი რანგის საჯარო მოხელეების სრული პარალიზება გამოიწვია, რაც კერძო სექტორისთვის სერიოზულ ბარიერებს ქმნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა BMGtv-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობად მიიჩნევს, რეალურ საფრთხედ იქცა ის ფაქტი, რომ სისტემაში გადაწყვეტილებები აღარ მიიღება.
“პირველ რიგში, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს კორუფციასთან ბრძოლას, რადგან ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, ფილოსოფიური საკითხია. ქვეყანა, რომელსაც ბუნებრივი რესურსები არ აქვს, საერთოდ ვერ დაუშვებს კორუფციას. თუ ქვეყანას, მაგალითად, მილსადენიდან ნავთობი მოედინება, შესაძლებელია გარკვეული შეუსაბამობების იგნორირება და მაინც მოსახლეობა მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოს. მაგრამ თუ ქვეყანაში მსგავსი რესურსი არ აქვს კორუფციის დაშვება სისტემის დაშლასა და ქვეყნის კრახს ნიშნავს. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება.
მეორე, არავინ განახორციელებს ინვესტიციას ქვეყანაში, სადაც კორუფციის დონე მაღალია, რადგან ინვესტორი უზარმაზარ რისკებს წააწყდება. რატომ უნდა აიღოს ამხელა რისკი, როდესაც შეუძლია სხვაგან წავიდეს? ამიტომაც ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოსთვის კორუფციასთან ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნომერი პირველი ამოცანაა. ის, რაც ერთ დროს სააკაშვილმა გააკეთა კორუფციის ფაქტობრივად ნულამდე დაყვანა, მისი უდიდესი დამსახურებაა და სწორედ ამან მოიყვანა საქართველო დღევანდელ მდგომარეობამდე და განაშორა იმ რეალობას, რომელშიც მეზობელი ქვეყნები აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომაა ეს თემა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამიტომაც ვუჭერთ მხარს კორუფციასთან ბრძოლას.
თუმცა პრობლემა დღეს ისაა, რაც ჩვენც პირადად შევნიშნეთ: კორუფციასთან ბრძოლამ დაბალი რანგის საჯარო მოხელეების პარალიზება გამოიწვია. მათ ყველას ეშინიათ. ეშინიათ გადაწყვეტილებების მიღების, ეშინიათ შეცდომის, ზოგადად ყველაფრის. შესაბამისად, ისინი უბრალოდ თავს არიდებენ პროცესებში მონაწილეობას”, – აცხადებს ოსინოვსკი.
ბიზნესმენი მაგალითად გარდაბნის მერის ქცევას ასახელებს.
„აგვისტოს ბოლოდან ტელეფონს არ იღებს. მას ჰყავს უმსხვილესი გადასახადის გადამხდელი ჩვენი სახით. ჩვენ ვიხდით ათეულობით მილიონს გარდაბანში. პირველი, რაც მან ამ სიტუაციაში უნდა გააკეთოს, დილით გაღვიძებისას დარეკოს: “და როგორ ხართ, მთავარო გადასახადის გადამხდელო?” და ის ტელეფონს არ იღებს. ის არ გვხვდება, ის არ ამტკიცებს არც ერთ გადაწყვეტილებას, არც ერთ დეტალურ დაგეგმარებას, არც ერთ სამშენებლო ნებართვას, არაფერს… ის უბრალოდ არ არის. არა მარტო ჩვენთვის, ჩვენი რეზიდენტებისთვისაც”, – თქვა ინვესტორმა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი ბოლო ს შემდეგ დავით კარგარეთელი გახდა.
ოსინოვსკის თქმით, საჯარო სექტორში შეცდომის დაშვების შიში იმდენად მაღალია, რომ ყველა საოპერაციო პროცესებიც კი შეჩერებულია.
„როდესაც კამპანია მიდის, ჩინოვნიკისთვის საუკეთესო სტრატეგიაა დამალვა, რომ მახვილი, რომელიც ზემოდან მოდის, არ მოხვდეს. მაგრამ ამით ზარალს წარმოშობს როგორც ბიზნესი, ისე სახელმწიფოც. ჩვენ ნახევარი წელია ვერ ვმუშაობთ, ვკარგავთ ფულს, ზარალია ჩვენი და ზარალია ბიუჯეტისთვისაც“, – ამბობს ოსინოვსკი.
ოსინოვსკის განცხადებით, ბიზნესი ელოდება, რომ მთავრობა სისტემური მუხრუჭის მოხსნაზე იმოქმედებს, რათა კერძო სექტორი შეუფერხებლად გააგრძელოს საქმიანობა.
bm.ge