ბიზნესის ნაწილი ჩივის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას. რეალურად რა რისკებია ბაზარზე სექტორი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, თუმცა საუბრობენ, რომ კანონი მათ გადინებას შეუწყობს ხელს და ბაზარი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. არც იმას გამორიცხავენ, რომ ბიზნესს ხარჯი გაეზარდოს.
უცხოელებს საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამას გულისხმობს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განხილვის ფონზე, 84 ხმით დაამტკიცა.
ცვლილებების მიხედვით, „უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის ხელმისაწვდომი“. ამასთან, „შრომითი მიგრაციის“ კანონის გამკაცრებასთან ერთად, დაწესდება ახალი ჯარიმებიც კანონის შესაბამისი მოთხოვნის დარღვევებზე. უფრო კონკრეტულად, უცხოელის შესაბამისი უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელიც და თავად დასაქმებული უცხოელიც 2000 ლარით დაჯარიმდებიან.
„ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ ალოგიკურია ბიზნესმა დაასაბუთოს ადგილობრივი კადრის არარსებობა მაშინ, როდესაც ეს ცხადი მოცემულობაა.
“ეს არის უბრალოდ ისრების გადატანის მცდელობა, პასუხისმგებელი მხარის განსაზღვრის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ მთავრობამ მთელი რიგი ისეთ ქვეყნებისთვის გახსნა საზღვრები, რომელთა მოქალაქეებსაც განვითარებული სახელმწიფოები საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვებენ, რადგან მათ სარგებელზე მეტი პრობლემები მოაქვთ. ამან ჩვენს მოსახლეობაში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩნია და ახლა უნდათ, რომ ბიზნესმა დაასაბუთოს უცხოელი კადრების საჭიროება. ეს ალოგიკურია, როგორ უნდა დაასაბუთო, რომ მოიძიე და ვერ ნახე კადრები. სად მოიძიე? არსებობს რეალურად ეგეთ ტიპის დასაქმების ბაზა? როგორ უნდა დაგისაბუთოს ბიზნესმა, სად ეძებდა და ვერ ნახა? – ამბობს კუნელაური.
სხვაგვარად უყურებს საკითხს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე. იგი სულაც არ მიიჩნევს, რომ ახალი კანონი პრობლემებს შექმნის. მისი აზრით, მსგავსი ნორმების შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია და ადგილობრივი ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,ვფიქრობ, რომ ბაზარი მოახდენს რეგულირებას. შრომით ბაზართან დაკავშირებით ყველა ქვეყანაში არის კანონმდებლობა, რომ ჯერ ადგილობრივი მუშახელი დასაქმდეს და შემდეგ, თუ ვერ მოინახა შესაბამისი კადრი, რა თქმა უნდა, უცხოელი. კანონის მიღება ქართველების სასარგებლოდ ხდება.
მოგეხსენებათ, უცხოელი მუშახელი უფრო დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს, ვიდრე ადგილობრივი. ამიტომაც, ცხადია ბიზნესს მისი დასაქმება ურჩევნია. ასეთი დამოკიდებულება კი ზრდის შრომით მიგრაციას. ჩვენთან, დასაქმერბის კუთხით, ჩვენზე უფრო ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოდიან. ჩვენ კი, პირიქით, უფრო მეტად განვითარებულებთან მივდივართ. ამიტომაც, ამ კანონის ამოქმედებას პრობლემად ვერ აღვიქვამ. ალბათ ბაზარი შეძლებს თვითრეგულაციას.
კანონმდებლობის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია ადგილობრივი მუშახელი მოიძიოს და უმალვე “იაფფასიანი კადრი” არ დაასაქმოს. თუ განვითარება გვინდა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების დასაქმება უნდა შევძლთ. ამ რეგულაციების შემოღების მოტივაციაც ესაა.
სხვა საკითხია ის, რომ შესაძლოა, ამ გზით ბიზნესს ხარჯები გაეზრდოს. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი რეგულაციები ადგილობრივი ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს. უცხოელიც მოტივირებული იქნება მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და ისარგებლოს იმ უპირატესობებით რაც ჩვენს მოქალაქეს ექნება. ფაქტია, შრომით ბაზრზე საქართველოს მოქალაქისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის განსხვავება უნდა იყოს. ყველა ქვეყანაში ასეა და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს”, – აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.
შრომით ბაზარზე რეგულაციების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება რესტორანთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძეც. მისი განცხადებით, ეს არ უნდა მოხდეს მტკივნეულად, ისე რომ საჭიროების შემთხვევაში, ბიზნესს გაურთულდეს უცხოელი მუშახელის აყვანა, რადგან ამ გარემოებამ შესაძლოა, სფერო სერიოზულად დააზარალოს.
,,ცალსახად უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი შრომითი ურთიერთობა კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს. პირობითად, უცხოელი იქნება თუ ქართველი მუშახელი, რეგულაცია აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დიდი უმუშევრობაა, ფაქტია, სხვადასხვა სფეროში, დღეს ბაზარი მუშახელს ითხოვს. შეთავაზებული სხვადასხვა ვაკანსიები მიუღებელია ადგილობრივი მოქალაქისთვის. შესაბამისად, აღნიშნული სფეროები ივსება უცხოელი მუშახელით.
მთავარია, არ დაირღვეს ბალანსი და სახელფასო ბიუჯეტი იქნება, თუ შრომითი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები და უფლებები შეხამებული უნდა იყოს, რომ არ გაურთულდეს ჩამოსულ ადამიანს სამუშაო პროცესში ჩართვა. თუ ეს გართულდა, ბიზნესს საგრძნობლად დააზარალებს. შექმნის დიდ პრობლემას, რომელიც რთულად გამოსასწორებელი იქნება.
ფაქტია, სხვადასხვა მიმართულებით დიდია მოთხოვნა და ასევე, დიდია შრომის ბაზარზე არსებული უმუშევართა რაოდენობაც. ამიტომ კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული თუ ვის რა უფლებები და მოვალეობები აქვს. თუმცა, ეს პრეროგატივა იმდენად დიდი არ უნდა იყოს, რომ დასაქმების შესაძლებლობა გაძნელდეს. მთავარია, კანონმა საკითხები ისე დაარეგულიროს, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს”, – ამბობს შოთა ბურჯანაძე.
resonancedaily.com
