ბიზნესის ბევრ დარგში „ქამრების შემოჭერის“ პროცესი დაიწყება, ეკონომიკაზე წნეხი მაღალია – ყარალაშვილი

კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილს მიმდინარე წლის ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები აქვს.
როგორც “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რითეილ სექტორში გასული წლის ბოლო გაყიდვების კლებით დასრულდა და მიმდინარე წელიც ამ მიმართულებით დაბალი აქტივობით დაიწყო.
ლევან ყარალაშვილი ელის, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, შემცირებული ინვესტიციების და სავალუტო შემოდინებების ეფექტი შემდგომ თვეებში ქვეყნის ეკონომიკაზე უფრო მკვეთრად აისახება
„მიმდინარე წელი [ეკონომიკური აქტივობის მხრივ] სუსტად დაიწყო და ეს გაგრძელება იყო გასული წლის ბოლო კვარტლის ტენდენციის. საცალო სექტორში წლის ბოლო, საახალწლო პერიოდი, როგორც წესი, ყველაზე აქტიურია ხოლმე, თუმცა ამ პერიოდმა გვაჩვენა, რომ საკმაოდ სუსტი იყო. 2024 წლის ეს პერიოდი რომ შევადაროთ 2023 წელს, ვნახეთ, რომ რეალიზაციის დაახლოებით 20-25%-იანი კლება იყო. დღეს არსებული ვითარება, პოლიტიკური არასტაბილურობა, ვითარება ქუჩაში, გაცხადებული სანქციები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ბიზნესის განწყობაზე, მომხმარებლის ქცევაზე. ვფიქრობ. ე.წ „ქამრების შემოჭერის“ პროცესი დაიწყება ბიზნესის ბევრ დარგში, იქნება ეს საცალო ვაჭრობა, ტურიზმი თუ მშენებლობა.
ქართულ ეკონომიკაზე წნეხი საკმაოდ მაღალია. ამის შედეგები პირველი კვარტლის ბოლოს გამოჩნდება. ეს აისახება სავალუტო კურსის რყევაზე, ბიზნესის განწყობასა და მომხმარებლის ქცევაზე. პროცესი, რაშიც შევედით, მარტივად გასავლელი არ იქნება. ის ეფექტი, რაც რუსეთ-უკრაინის ომს და მიგრანტებს მოჰყვებოდა ეკონომიკაზე, ნელ-ნელა იწურება და ჩვენ უკვე ვხედავთ პრობლემებს ფუნდამენტური დარგების ჭრილში.
„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა არის ის, რომ ბიზნესი აკეთებს ანალიზს, რომ ტურბულენტურ გარემოშია, პირველ რიგში, აჩერებს ნებისმიერ ახალ პროექტს, განვითარების პროექტებს, ამას მოჰყვება ხარჯების, შესყიდვების და ხარჯების ოპტიმიზაცია, ეს იქნება მომზადება იმ პერიოდისთვის, რომ შეიძლება პროდუქცია ვეღარ გაყიდო. თუკი ბრუნვა მცირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მცირდება ბიუჯეტის შევსების მექანიზმებიც“, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.