საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელ ალექსანდრე ნონიაძის განცხადებით, სურვილის მიუხედავად, ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება, დასწრებოდნენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას, სადაც დეპუტატები მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის შეცვლას/გაზრდას განიხილავდნენ.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს თემა როგორც 6 წელზე ძველი ავტომობილების განბაჟების გაძვირება, ისე 6 წლამდე ავტომობილების ავტომობილების აქციზის საფასურის გაზრდა იყო.
აქციზის ახალი განაკვეთები ძალაში 1-ელი აპრილიდან უნდა შევიდეს, ამიტომ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და პირველი მოსმენით უკვე მიიღეს კიდეც. როგორც ცნობილია, ცვლილების შედეგად აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის – 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.
ალექსანდრე ნონიაძე ირწმუნება, რომ მას პირადად სურდა 17 მარტს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვაზე ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ კანონპროექტის ავტორებს ბიზნესის არგუმენტების ეშინიათ.
“თითქმის ცარიელ დარბაზში გაიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, სადაც მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის ზრდა პირველი მოსმენით განიხილებოდა (6 წლამდე – 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარი, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის შემთხვევაში – 4.5 ლარი).
საუბარია საკითხზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში დასაქმებულ დაახლოებით 225 ათას ადამიანს ეხება. მხოლოდ ავტოიმპორტის სექტორს საერთაშორისო ვაჭრობაში დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის ბრუნვა აქვს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით არის წარმოდგენილი, თითქმის 2 მილიონ ავტომფლობელს შეეხება.
ამ ფონზე, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რატომ განიხილება ასეთი მნიშვნელობის საკითხი თითქმის ცარიელ დარბაზში? რისი გვეშინია – დასაბუთებული არგუმენტების მოსმენის?“, – დაწერა მან სოციალურ ქსელშიც, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის facebook-გვერდიდან ფოტო გადააზიარა, რომელზედაც მხოლოდ დეპუტატები ჩანან.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ავტორები და ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზურაბ რურუა და ილია ინჯია არიან – მათი ნაწილი პოლიტიკამდე ბიზნესში საქმიანობდა.
ინტერვიუ ალექსანდრე ნონიაძესთან
– რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ შეხვედრა. მეტიც, ჩვენი სურვილი იყო, ავტოიმპორტიორთა ასოციაცია პირველივე საკომიტეტო მოსმენას დასწრებოდა, თუმცა ვერ მოხერხდა.
– რატომ ვერ მოხერხდა თქვენი დასწრება? პარლამენტში ბიზნესის ადგილი არ მოიძებნა?
– ცოტა იუმორით ვიტყვი – ეტყობა, ჩემი „დიდი გაბარიტების“ გამო დარბაზში ადგილი ვერ მოიძებნა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, სერიოზულად როგორ გიპასუხოთ… ფაქტია, რომ იქ არ ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ დასწრების დიდი სურვილი გვქონდა.
– რას გვეუბნება მსგავსი ფაქტები ქვეყნის ბიზნესგარემოზე და ზოგადად, ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ბიზნესთან?
– ბიზნესისთვის ყველაზე დამაზიანებელი გაურკვევლობაა; როდესაც ხვალინდელი დღე ბუნდოვანია და ვერ გეგმავ ნაბიჯებს, ეს დამღუპველია. დღეს ავტობიზნესი, შეიძლება ითქვას, უკვე 50%-ით გაჩერებულია, რადგან არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. ეს ხომ პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და ბიუჯეტზე?! მინდა მივმართო დეპუტატებს: ვიცი, რომ საბიუჯეტო შემოსავლები თქვენთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა – მეც რომ თქვენ ადგილას ვიყო, ჩემთვისაც ასე იქნებოდა და ამისთვის არ გაკრიტიკებთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, დასაქმებასა და ლარის კურსზე. ავტოიმპორტი ქვეყანაში დოლარის ნაკადის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. ჯერ გადის ვალუტა მანქანის შესაძენად, შემდეგ კი რეექსპორტის საშუალებით ბევრად მეტი დოლარი ბრუნდება უკან. ეს სფერო პირდაპირ არის მიბმული მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკასთან.
– ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს რეგიონული ავტოჰაბი, მსგავსი რეგულაციების მიღებისას არის თუ არა აუცილებელი რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტის მომზადება?
– ერთი წლის წინ ამბიცია ნამდვილად გვქონდა, ახლა კი ამას ვეღარ ვხედავ…
– თუ გვინდა ამ პოტენციალის შენარჩუნება, რას უნდა დავუსვათ წერტილი?
– ყველაზე დიდ პრობლემას არაპროფესიონალიზმი ქმნის. ნებისმიერ საკითხში უნდა დავინახოთ მიზეზშედეგობრივი კავშირი. თუ ვებრძვით მხოლოდ შედეგს და არა – მიზეზს, პრობლემა სხვა ფორმით მაინც იჩენს თავს. არაპროფესიონალიზმი უნდა დასრულდეს ყველგან: ბიზნესში, საჯარო მმართველობაში, ჯანდაცვასა თუ განათლებაში. დროა, მივიღოთ პროფესიული გადაწყვეტილებები და დავანებოთ თავი ქვეყანაში ექსპერიმენტების ჩატარებას. დავიღალეთ.




