ბიზნესისთვის ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი BAG ინდექსის მიხედვით

2024 წლის III კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: სპეციალისტების ნაკლებობა, სამუშაო ძალის ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები. ამის შესახებ BAG ინდექსის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის თანახმად, III კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სპეციალისტების ნაკლებობამ დაიკავა (აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა 54% ასახელებს ხელის შემშლელად). სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის კომპანიებისთვის (78%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი ვაჭრობის სექტორისთვის (33%). საწარმოს ზომის მიხედვით, ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიები ასახელებენ აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად (33%).
„2024 წლის III კვარტალში, სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 42%-მა დაასახელა. სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მეტად მწვავე მრეწველობის სექტორისთვისაა (56%), ხოლო ყველაზე ნაკლებად – მომსახურების სექტორისთვის (29%). საწარმოთა ზომის მიხედვით, სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად საშუალო კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (22%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2024 წლის III კვარტალში, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 40%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (50%), ხოლო ყველაზე ნაკლებად – მრეწველობის სექტორისთვის (11%). საწარმოთა ზომის მიხედვით, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (24%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2024 წლის III კვარტალში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 32%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მშენებლობის და ვაჭრობის სექტორის კომპანიებისთვის (50%) წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (19%). საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად მცირე ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (27%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).
2024 წლის III კვარტალში, შეზღუდული ფინანსური რესურსები ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 12%-მა დაასახელა. შეზღუდული ფინანსური რესურსები ხელის შემშლელ ფაქტორს ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორისთვის (50%) წარმოადგენს. საწარმოთა ზომის მიხედვით, შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემა ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიებს აქვთ (11%)“, – წერია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაასრულა BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა, რომლის შედეგების თანახმად, 2024 წლის III კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 19.3 ქულით გაუმჯობესდა და 44.8 ქულა შეადგინა.
ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.