ბიზნესისთვის პერსონალური მონაცემების ოფიცრის პოზიციის შექმნა გამოწვევაა – დავით კესარელი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის დავით კესარელის ამბობს, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებამ, ფაქტობრივად, ახალი პროფესია გააჩინა. მისი თქმით, პერსონალური მონაცემების ოფიცერი გახდება საჭირო და მოთხოვნადი, რაც ქართულ ბაზარზე დეფიციტურია.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის ამ სახით მიღება არის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე. ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, მიუხედავად მისი დიდი მნიშვნელობისა, ვერ ვიტყვით, რომ ბიზნესი მომზადებული შეხვდა, რადგან იგი მრავალ ახალ ვალდებულებას შეიცავს, რომლის შესახებაც ცნობიერება არა მხოლოდ ბიზნესსექტორში, არამედ ქვეყანაში არ არსებობს.
რაც შეეხება, თავად პერსონალურ მონაცემთა სამსახურს, ასე თუ ისე მომზადებული შეხვდა ამ საკანონმდებლო ცვლილებებს. აქტიურად ახორციელებდნენ საინფორმაციო კამპანიას და სხვა აქტივობებს, თუმცა კანონთან მიმართებით მეტი კონკრეტიკა არ იყო და რამდენიმე დღის წინ დაიწყო აქტიურად გამოქვეყნება კანონქვემდებარე აქტების, ასევე გარკვეული პერიოდია გვაქვს გაიდლაინები, თუმცა ბიზნესს ამ ყველაფრის შესწავლა სჭირდება.
პერსონალური მონაცემების ოფიცრის პოზიციას რაც შეეხება, ეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევაა, რადგან კადრების დეფიციტის პირობებში, არ აქვთ დღის წესრიგი, როგორ უნდა შექმნან ეს პოზიცია კომპანიაში. ამ მიზნით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს წევრ კომპანიებთან. გარკვეული კითხვარიც შევიმუშავეთ, რათა კომპანიაში მიმდინარე პროცესები იქნეს შეფასებული. თუმცა უშუალოდ ოფიცრის პოზიცია და ასევე დამატებითი დოკუმენტაცია პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი – ამის ვალდებულება კომპანიებს უკვე პირველი ივნისიდან ექნებათ და ეს პერიოდი კადრის მოძიებისთვის უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა დავით კესარელმა “საქმიან დილაში”.
მან ასევე განმარტა, რა ფუნქცია ექნება პერსონალური მონაცემების ოფიცრის.
„ასეთი ოფიცერი შუამავალია კომპანიასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შორის. ის თავადაც არის პასუხისმგებელი კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე მონაცემთა დაცვის კუთხით და ასევე აქვს მთელი რიგი ვალდებულებები თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების კუთხით, კომპანიაში მიმდინარე პროცესების გამართვის კუთხით და ა.შ. შესაბამისად, უშუალოდ ოფიცრის სპეციალისტების არსებობის პრობლემა მხოლოდ ბიზნესის პრობლემა არ არის, პირველ რიგში ეს კანონის აღსრულების მთავარი საფუძველია, რომ ამ ტიპის სპეციალისტები ბაზარზე გამოჩნდნენ. ეს რეალურად ახალი პროფესიაა და საკმაოდ დიდია საპასუხისმგებლოც, ვინაიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანონზე ვსაუბრობთ“, – განმარტა მან.
რაც შეეხება პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს, მისი თქმით, ის არის საზედამხედველო ორგანო, რომელიც ინსპექტირებებს ახორციელებს ამ კანონის მოთხოვნების დაცვის შეფასების მიზნით.
ახალი კანონის მოქმედების ფარგლებში სამსახურს შესაძლებლობა ექნება თავისუფლად შევიდეს როგორც საჯარო ისე კერძო დაწესებულებაში, შეისწავლოს იქ არსებული მდგომარეობა და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში აღსრულებული იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სანქციები.
„პირველ ეტაპზე მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანო უნდა ახორციელებდეს საკონსულტაციო და სარეკომენდაციო საქმიანობას, რადგან ცნობიერების ამაღლებაც მოხდეს კომპანიებთან მიმართებით და უკეთ აღსრულდეს არსებული კანონი“, – თქვა მან.