ბიზნესთან დაკავშირებით დაპირისპირების გამო, ხელკეტებით სცემა – POG მარნეულის მერის ძმაზე

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმას, ქენან ისმაილოვს ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა. უწყება მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2026 წლის 6 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკების გამო, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად, ხელკეტების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს