“ბოლო 2–3 წლის განმავლობაში პროფესიული განვითარების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ ჩავერთეთ ამ პროცესში და სახელმწიფოს ხედვა ამ მიმართულებით საკმაოდ სწორია. ის ვექტორი, რაც თუნდაც უნარების სააგენტოს ჩამოყალიბებას მოჰყვა – იმედი მაქვს, გაგრძელდება“, – ამის შესახებ “თეგეტა აკადემიის” დირექტორმა ოთო სიხარულიძემ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“თეგეტა აკადემიის” დირექტორის თქმით, სახელმწიფომ ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს იმ ბიზნესებს, რომლებიც პროფესიული განათლების განვითარების ნაწილში პრაქტიკულ კომპონენტს უზრუნველყოფს.
„ბევრი კომპანიაა საქართველოში, მაგალითად, ჩვენს სფეროში – რომელიც პრაქტიკულ კომპონენტს უზრუნველყოფს და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა სახელმწიფოსგან”, – ამბობს ოთო სიხარულიძე „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში – “როდესაც, მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ გვინდა, რომ პროფესიული სტუდენტი გავუშვათ კონკრეტულ საწარმოში – რაღაც დამატებითი ბენეფიტი უნდა გააჩნდეს ამ ბიზნესს. “თეგეტა ჰოლდინგი” დიდი კომპანიაა და ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და ამ მიმართულებით გვაქვს დიდი რესურსი, მატერიალური რესურსი, თუმცა, კოლეჯების დირექტორებთან როცა მქონია შეხვედრა, ისინიც ამბობენ, ამ პრობლემას აფიქსირებენ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ბიზნესს სტუდენტების პრაქტიკაში გადანაწილების მიმართულებით“.
ოთო სიხარულიძის შეფასებით, უნარების სააგენტოს საკმაოდ კარგი ვექტორი ჰქონდა ამ მიმართულებით არჩეული.
„თუნდაც, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გზით ჩვენ, სამინისტროსთან ერთად საკმაოდ ბევრ ვიდეორგოლში ჩავერთეთ მათი დახმარებით და დაფინანსებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვექტორი გაგრძელდება. თუმცა, ყველაფერი რომ ხილული და ნათელი იყოს და ჩვენც რომ ვიცოდეთ წინასწარ, რა არის ხედვა – ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია“. – ამბობს “თეგეტა აკადემიის” დირექტორი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თამარ ქიტიაშვილმა სოციალურ ქსელში დაადასტურა ინფორმაცია, რომ მან პროფესიული განვითარების სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.„კვლავაც ერთგული ვარ იმ დიდი იდეისა, რასაც უნარების ეკოსისტემის განვითარება დავარქვით, იმ ხედვისა, რომელსაც გულანთებული ადამიანების უდიდესი ძალისხმევითა და სიყვარულით შეესხა ხორცი და ასევე უძვირფასესი მოკავშირეებისა და პარტნიორების ხელშეწყობით წამოდგა ფეხზე. ვინაიდან ბევრ ზარსა და მესიჯს ვიღებ შეკითხვებით, მინდა აქაც დავადასტურო, რომ დიახ, დავტოვე გენერალური დირექტორის თანამდებობა უნარების სააგენტოში, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით. სააგენტოს მენეჯმენტი, ჩემი სუპერ-პროფესიონალი კოლეგები, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდი და თანამშრომლობითი განწყობით, ახალი მენეჯმენტისთვის საქმის გადაბარების შემდეგ დატოვებენ სააგენტოს, ისე რომ სააგენტოს ფუნქციონირება არ შეფერხდება“ – დაწერა თამარ ქიტიაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.