ბიზნესების უმრავლესობა “ქამრების შემოჭერის“ სტრატეგიაზე გადავა – ბიზნეს-კონსულტანტის მოლოდინები

“დარწმუნებული ვარ, ბიზნესების უმრავლესობა ეკონომიასა და ქამრების შემოჭერის სტრატეგიაზე გადავა, რადგან ყველა აცნობიერებს, რომ კრიზისი გარდაუვალია“ – ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ბიზნესსა და ეკონომიკაზე გავლენაზე საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანდამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა თინათინ რუხაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
ის ამბობს, რომ არასტაბილური ვითარების გამო, ACT, რომელიც უკვე 35 ქვეყანაშია, ცდილობს, 2025 წელს საკუთარი განვითარების სტრატეგია საერთაშორისო ბაზრებისკენ მიმართოს, რადგან საქართველოში „ხვალ რა იქნება, არავინ იცის“.
ბოლო ერთ თვეში 3 თანამშრომელი გადავიდა უცხოურ კომპანიაში, საზღვარგარეთ – ინტერვიუ თინათინ რუხაძესთან
რას ურჩევდით კომპანიებს? – ჰკითხა წამყვანმა ბიზნესკონსულტანტს და 2024 წლის „წერტილთან“ ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა შეახსენა – “მოკლევადიანი გეგმებით იარეთ“.
– ზოგადად, ბიზნესისთვის გაურკვეველი და ბუნდოვანი მომავალი გასაკვირი არაა, რადგან მგონი, მსოფლიოში არაა ქვეყანა, სადაც გამოწვევები არ იყოს, მაგრამ დღეს უკვე არ ვიცით, ხვალ რა იქნება; ხვალ ჩვენ ვიქნებით თუ არა; გვეყოლებიან თუ არა კლიენტები. ჩემი კლიენტები ბიზნესმენები არიან და არ ვიცი, როგორ იქნებიან ისინი. ასეთი ტურბულენტობის დროს კიდევ უფრო მოკლევადიანი გახდა ხედვები…რა თქმა უნდა, გრძელვადიანი ხედვა – საით მიდის კომპანია და რა არის მისი ფასეულობა, არსად გაქრება, მაგრამ რაც შეეხება განვითარების ნაბიჯებს, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ეკონომიასა და „ქამრების შემოჭერის“ სტრატეგიაზე გადავა, რადგან ყველა აცნობიერებს, რომ კრიზისი გარდაუვალია. რთული პერიოდი გველის წინ, ჯერ თუ უკვე არ დამდგარა. ბევრისთვის – მცირე და საშუალო ბიზნესისთვის [კრიზისი] უკვე ხელშესახებია. მაგალითად: ვიცით, როგორ დაზიანდა ჰორეკა სექტორი; ჩვენ ხომ ერთი სასიცოცხლო ჯაჭვის ნაწილი ვართ და არ შეიძლება, 10 სფერო ცუდად იყოს და შენ იყო კარგად; არ ვგულისხმობ გამონაკლისებს. შეიძლება, კოვიდის პანდემიის დროს ბიზნესების ნაწილი გაიზარდა, მაგრამ პოლიტიკური ტურბულენტობა კოვიდზე უარესია, რადგან ინვესტორისთვის საინტერესო არ ხარ. მომხმარებლის სენტიმენტი იკლებს ანუ ხარჯვას ამცირებს და შესაბამისად, ბიზნესიც მცირდება; ფულიც ძვირდება რადგან ბანკები ვერ მიიღებენ შედარებით იაფ ფინანსურ რესურსებს, როდესაც ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უარესდება. ამდენად, დარწმუნებული ვარ, ბიზნესი პირველ რიგში გადავა ეკონომიაზე…
– ACT-ის კლიენტების მაგალითზე, რა ტენდენცია იკვეთება – ჯერ ეტყობათ დაზოგვის რეჟიმზე გადასვლა?
– ჩვენი კლიენტები უფრო მსხვილი ბიზნესები არიან. სპეკულირებას ვერ დავიწყებ და ვერ ვიტყვი, რომ უკვე დაიწყეს [ეკონომია], მაგრამ ფიქრები, რასაც ჩემთან აჟღერებენ და მოლოდინი, ეკონომიკური სიტუაცია და მომხმარებლის სენტიმენტი გაუარესდება, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ის, რომ ბუნდოვანებაა ქვეყანაში და ინვესტორებისთვის საინტერესო არაა, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა შეიძლება ნეტარმორწმუნენი არიან, ვინც $6 მილიარდის ინვესტიციას ელოდება….