„ბიზნესებისთვის წყლისა და გაზის გაზრდილი ტარიფები პროდუქციას გააძვირებს“ – მიხეილ ჭელიძე

„წყლის ტარიფის ზრდა გამოიწვევს 2 რამეს. ერთი ის, რომ იმ კომპანიების პროდუქტების თვითღირებულება გაიზრდება, რომლებიც წყალს დიდი მოცულობით იყენებენ, მაგალითად სასმელების კომპანიები, რომლებიც წყალს ჭარბად იყენებენ ან კომპანიები, რომლებიც წყალს ასხამენ და ყიდიან, მათ პროდუქტს უფრო ძვირად გაყიდიან. მეორე კი არის ის, რომ თუ კომპანია საწარმოს გახსნას ამ სამ რეგიონში აპირებს, სადაც ტარიფი გაიზარდა, შესაძლოა გადაიფიქროს და გახსნას სხვა რეგიონში. შესაძლოა ბიზნესის მიმართულებით დეცენტრალიზაცია მოხდეს“, – ამის შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესების ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ჭელიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კომერციული მომხმარებლებისთვის წყლისა და გაზის ტარიფების ზრდას გარკვეულწილად დააბალანსებს დენის ტარიფის შემცირება.
როგორც მან განმარტა, რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი პროცენტით მოუწევთ კომპანიებს პროდუქციის გაძვირება, რადგან ეს ინდივიდუალური საკითხია.
„ზოგმა შესაძლოა არც გააძვიროს და ეს ხარჯები მოგების მარჟიდან ჩაანაცვლოს, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ფასის გაზრდამ არაკონკურენტუნარიანი გახადოს. ეს უკვე კონკრეტული ბიზნესის გადასაწყვეტია“, – განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დადებით ეფექტს იქონიებს როგორც ინვესტიციების მოზიდვაზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტზე.
„ქვეყნის მიმართ ნდობა გაიზრდება და უფრო მეტი იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და კონტაქტები ევროპელ პარტნიორებთან და ეს პროცესები უფრო გაძლიერდება. ევროკავშირის სტანდარტებზე მორგება ჩვენს კონკურენტუნარიანობას გაზრდის. ეს, რა თქმა უნდა, დადებით გავლენას იქონიებს ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაზე.
ამავდროულად, გაიზრდება ინვესტიციების შემოდინება. გადასახადების კუთხით შეღავათების არსებობა საქართველოს ბევრად უფრო მიმზიდველს გახდის“, – აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.
რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც მან განაცხადა, მთავარი პრობლემა საქართველოში ბიზნესისთვის კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“