იურიდიული ფირმა „ბიელსი“, რომელიც 2000 წელს პროფესიონალი იურისტების მიერ დაარსდა და 25 წლიან საქმიან გამოცდილებას ითვლის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.
„ბიელსი“ ადგილობრივი ბაზრისა და ეკონომიკის ზრდასთან ერთად განვითარდა და დღეს ის საქართველოში ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს საბანკო და საფინანსო სამართალის, საგადასახადო სამართალის, კორპორაციული ტრანზაქციების, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, სასამართლო დავებისა და საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით სრულ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.
ამჟამად, კომპანიას მართავს შვიდი პარტნიორი და ჰყავს საქართველოში ყველაზე დიდი და მაღალკვალიფიციური იურისტების გუნდი, გამორჩეული უმაღლესი ეთიკური სტანდარტებითა და პროფესიონალიზმით.
2003 წლიდან „ბიელსი“ აღიარებულია, საქართველოში მოქმედ წამყვან იურიდიულ ფირმად ყველაზე მსხვილი კვლევაზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლებრივი ჟურნალების (Legal 500, Chambers Global, IFRL) მიერ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას ოფისი აქვს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და ბაზარზე წარმოდგენილია პარტნიორი იურიდიული ფირმების გლობალური ქსელით.
„მივესალმებით კომპანია „ბიელსის“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. „ბიელსი“ სანდო და სტრატეგიული პარტნიორია როგორც საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ასევე, საფინანსო ინსტიტუტებისთვის, საელჩოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ბიზნესისათვის. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და „ბიელსის“ საქმიანი ურთიერთობები შედგა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
