„ბიბლუსის“ შემოსავალი „პალიტრა L“-ის და „სულაკაურის გამომცემლობის“ მაჩვენებლებს თითქმის 3-ჯერ აჭარბებს

ორგანიზაცია Finspot-ი გაეცნო გამომცემლობებს და წამყვან წიგნების ქსელურ მაღაზიას შემდეგი ხუთი კომპანიის მაგალითზე:
1️⃣ შპს “გამომცემლობა პალიტრა L“(Palitra L)
2️⃣ შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” (Sulakauri)
3️⃣ შპს “გამომცემლობა ინტელექტი” (Intelekti)
4️⃣ შპს “გამომცემლობა არტანუჯი” (Artanuji)
5️⃣ შპს “ბიბლუსი” (Biblus).
წარმოდგენილი პირველი ოთხი კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საგამომცემლო საქმე, წიგნების გამოცემა და მათი რეალიზაცია.
“პალიტრა L” და “ბიბლუსი” (ქვეყნის წამყვანი გამომცემლობა და უმსხვილესი წიგნების მაღაზიის ქსელი) “პალიტრა ჰოლდინგის” და მისი მეწილეების მფლობელობაშია. ეს ჰოლდინგს მნიშვნელოვან სტრუქტურულ უპირატესობას აძლევს: წიგნის შექმნიდან გაყიდვამდე პროცესის ძირითადი ეტაპებს თავად ახორციელებს.
“პალიტრა L-ის” შემოსავლებმა ₾17.5 მილიონი შეადგინა 2021 წელს(მომდევნო წლების რეპორტები ჯერ არ გამოუქვეყნებია კომპანიას), რაც 76%-ით აღემატებოდა 2020 წლის ბრუნვას და 42%-ით 2019 წლის შემოსავლებს.
“სულაკაურის გამომცემლობის” შემოსავლები 2023 წელს ₾12.3 მილიონი იყო. 2019-2023 წლებში კომპანიის შემოსავლების საშუალო წლიური ზრდა (CAGR) 11%-ს შეადგენდა. შემოსავლების 94% წიგნების გაყიდვაზე მოდის, დანარჩენი – საკანცელარიო საქონელზე.
“ინტელექტისა” და “არტანუჯის” შემოსავლებმა 2023 წელს ₾2.7 მილიონი და ₾1.3 მილიონი შეადგინა შესაბამისად. “ინტელექტის” ბრუნვა ბოლო წლების განმავლობაში მეტნაკლებად სტაბილურია, ხოლო “არტანუჯის” CAGR 7%-ს აღწევს. ბოლო პერიოდში კომპანიები პრაქტიკულად არ ახორციელებენ კაპიტალურ ინვესტიციებს, ხოლო საერთო მოგების დიდი ნაწილი სახელფასო ფონდზე იხარჯება, რაც ზრდის პოტენციალს მნიშვნელოვნად ზღუდავს.
უმსხვილესი წიგნების ქსელური მაღაზიის, “ბიბლუსის“, შემოსავლებმა ₾48 მილიონს მიაღწია და საშუალოდ წლიურად (CAGR) 12%-ით იზრდებოდა. გაყიდვების თითქმის 90% საცალო სეგმენტზე მოდის: აქედან წიგნები შეადგენს 55%-ს (₾24 მილიონი), საკანცელარიო საქონელი – 34%-ს (₾15 მილიონი), ხოლო დანარჩენი 11% სხვა პროდუქტებზე ნაწილდება (სათამაშოები, ჟურნალები და სხვა).
კომპანიების უმეტესობას, სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯანსაღი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს. ხოლო იქ, სადაც საოპერაციო მოგების მარჟა დაბალია ან უარყოფითია, ეს, როგორც წესი, პროპორციულად მაღალი სახელფასო ხარჯებით არის განპირობებული. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლოა მფლობელებისთვის გაცემულ დამატებით კომპენსაციას ასახავდეს.
ამ მოცემულობით, ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები “პალიტრა L-ს” აქვს. კომპანიის საოპერაციო მოგების მარჟა 28%-ს შეადგენს, ამონაგები აქტივებზე კი 20%-ს.
“სულაკაურის გამომცემლობის” საოპერაციო მოგების მარჟა მხოლოდ 6%-ს შეადგენს. თუმცა, ამის ძირითადი მიზეზი შემოსავლების 28%-ის გადახდაა ხელფასებში. ამ მაჩვენებლის 13%-მდე ნორმალიზება რომ გავაკეთოთ (რაც რეალურ საჭიროებებთან უფრო ახლოსაა), კომპანიის საოპერაციო მოგების მარჟა 24% იქნებოდა.
იდენტური ვითარებაა “არტანუჯის” შემთხვევაში, სადაც სახელფასო ფონდი ბრუნვის 35%-ს წარმოადგენდა 2023 წელს. ამ მაჩვენბლის სტაბილიზების შემთხვევაში კი, კომპანიის საოპერაციო მარჟა უარყოფითი 9%-დან დადებით 13%-მდე ავიდოდა.
“ინტელექტის” ზარალიანობის ძირითადი მიზეზიც იგივეა, თუმცა, ამ შემთვევაში, სხვა ადმინისტრაციული ხარჯებიც საკმაოდ მაღალია. ამ ხარჯების სტრუქტურა კი ანგარიშგებაში დეტალურად გაშლილი არ არის, რაც ართულებს მათი მიზნობრიობის შეფასებას.
რაც შეეხება “ბიბლუსს“, კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებლები, წიგნის საცალო ვაჭრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საკმაოდ ჯანსაღია. “ბიბლუსის” საოპერაციო მოგების მარჟა 6%-ს შეადგენს, ამონაგები აქტივებზე კი 7%-ს”, – წერია მიმოხილვაში.
Finspot-ის ინფორმაციით, ლევერიჯის თვალსაზრისით, კომპანიებში განსხვავებული სურათია, თუმცა მთლიანობაში სექტორი დაბალი საკრედიტო რისკით ხასიათდება.
“პალიტრა L-სა” და “სულაკაურის გამომცემლობას” მინიმალური/არამატერიალური მოცულობის სესხი აქვთ ბალანსზე. შესაბამისად, საკრედიტო რისკი თითქმის არ გააჩნიათ 2023 წლის ბოლო მდგომარეობით. განსხვავებული ვითარებაა “ინტელექტის” და “არტანუჯის” შემთხვევაში. კომპანიებმა შემოსავლების პროპორციულად მაღალი სახელფასო ხარჯები ფაქტობრივად დამატებით აღებული სესხით დაიფინანსეს. თუმცა, მომდევნო წლებში, სახელფასო დანახარჯების ნორმალიზების შემთხვევაში, კომპანიებს არ გაუჭირდებათ სესხზე მომსახურება.
2023 წელს “ბიბლუსმა” საოპერაციო ფულადი ნაკადები სრულად მიმართა კაპიტალურ ინვესტიციებზე, ხოლო მფლობელებზე გადახდილი დივიდენდების დაფინანსება, პრაქტიკულად, სესხით განახორციელა.
2019–2023 წლებში კომპანიების მიერ კუმულაციურად გაცემული დივიდენდები ასეთია:
1️⃣ “პალიტრა L“: ₾3.3 მილიონი (2017-2021 წლები)
2️⃣ “სულაკაურის გამომცემლობა“: ₾1.3 მილიონი
3️⃣ “გამომცემლობა ინტელექტი“: ₾0.4 მილიონი
4️⃣ “გამომცემლობა არტანუჯი“: არ გაუცია
5️⃣ “ბიბლუსი”: ₾4.9 მილიონი.
კომპანიის მფლობელები:
შპს “გამომცემლობა პალიტრა L”
კომპანიის მფლობელები:
– ირაკლი თევდორაშვილი: 75%
– ზაზა ბუაძე: 25%.

შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”
კომპანიის მფლობელები:
– ბაკურ სულაკაური: 50%
– თინათინ მამულაშვილი: 50%.

შპს “გამომცემლობა ინტელექტი”
კომპანიის მფლობელები:
– კახმეგ კუდავა: 51%
– მაია კუდავა: 29%
– ბუბა კუდავა: 20%.

შპს “გამომცემლობა არტანუჯი”
კომპანიის მფლობელი:
– ბუბა კუდავა: 100%.

შპს “ბიბლუსი”
კომპანიის მფლობელები:
– შპს “პალიტრა ჰოლდინგი”: 80%2
– გიორგი თევდორაშვილი: 10%
– ირაკლი გაგნიძეს სამართალმემკვიდრე(ები): 10%.