„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები ჯეიდონ სანჩოს ნაცვლად ზურიკო დავითაშვილის დამატებას ამჯობინებენ – Assemercato

„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები ამჯობინებენ, რომ გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავის, ჯეიდონ სანჩოს ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დაიმატოს – ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Assemercato წერს.
„იანვრის სატრანსფერო „ფანჯარა“ კრიტიკულად მნიშვნელოვანია „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“, რათა თავიდან აიცილოს 85 მილიონი ევროს ფინანსური დანაკარგი. ეს თანხა გადაუხადეს „დორტმუნდს“ 2021 წელს ჯეიდონ სანჩოს შესაძენად, რომელიც ინგლისური კლუბის მთავარი იმედგაცრუება გახდა. ის რამდენჯერმე იჯარით გაუშვეს. მისი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება, „წითელ ეშმაკებს“ კი სწრაფად სჭირდებათ სანჩოს გაყიდვა, რათა მან გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დატოვოს. პოტენციურ მიმართულებებს შორისაა თურქეთი. სანჩოს მიმართ ინტერესს „ბეშიქთაში“ გამოხატავს. თუმცა, სტამბოლელი გულშემატკივრები „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელს, ზურიკო დავითაშვილს ამჯობინებენ. თურქები ქართველ ფლანგელს მისი პროფესიონალიზმისა და შეტევაში ეფექტურობის გამო აფასებენ. 20 მილიონ ევროდ შეფასებული დავითაშვილის ტრანსფერი სანჩოსთან შედარებით გაცილებით გონივრულ ინვესტიციას წარმოადგენს. „სენტ-ეტიენმა“ ფლანგის ფეხბურთელის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს უნდა მიიღოს. კლუბმა ზაფხულში დავითაშვილის შესახებ ყველა შეთავაზება უარყო. გარკვეული ფაქტები, შესაძლოა, იმაზე მიუთითებს, რომ „სენტ-ეტიენი“ მისი გარდაუვალი წასვლისთვის ემზადება“, – ამტკიცებს assemercato.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თურქული გამოცემა aspor:
„ბეშიქთაში“ მყვირალა ტრანსფერებისთვის ემზადება. დღის წესრიგში დიდი სამეულის დამატებაა – მარკ-ანდრე ტერ შტეგენის (ბარსელონა), ზურიკო დავითაშვილის და ჯეიდონ სანჩოს (მანჩესტერ იუნაიტედი). თუმცა, ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დაწყებამდე ერთი თვეა დარჩენილი და ჯერ გადაწყვეტილი არაფერია“. 1tv.ge